საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დედაქალაქში ერთ პირი დააკავეს, რომელსაც ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის [კანაფის] უკანონო დათესვაში, მოყვანასა და რეალიზაციის ხელშეწყობაში წაუყენეს. სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.
როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2024 წლის გაზაფხულზე, თბილისში, საკუთარ მიწის ნაკვეთზე მიწის სიღრმეში ააშენა სარდაფის ტიპის შენობა, რომელიც სათბურად მოაწყო.
„სათბურის“ სახურავი ბრალდებულმა მიწით დაფარა, შესასვლელი კარი კი შეინიღბა. აღნიშნულ სივრცეში მან 283 ქოთანში უკანონოდ დათესა და მოჰყავდა ნარკოტიკული საშუალება – კანაფის შემცველი მცენარე, რომელიც შემდგომი რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით აშრობდა და აფასოებდა.
7 ნოემბერს ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, სამართალდამცველებმა აღნიშნული სათბურიდან ამოიღეს 283 ქოთანში მოყვანილი 16 400 გრამი კანაფის შემცველი მცენარე, ასევე 1459.38 გრამი გამომშრალი მარიხუანა და 1500 გრამი გასაშრობად მომზადებული მცენარე კანაფი. ამასთან, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო ხელსაწყოები და ნივთები.
ბრალდებულს ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის
260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, 260-ე კვარტა მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მარიხუანის უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა და 265-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა და მოყვანა. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




























