თბილისში პირველმა „სურსათის ბანკმა“ ოპერირება დაიწყო. „გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის“ (FAO-ს) პოლიტიკის უფროსმა მრჩეველმა, ჯუბა მარუაშვილმა BM.GE-სთან განაცხადა, რომ საპილოტე პროექტის განხორციელებაში საქველმოქმედო ორგანიზაცია „ენკენია“ ჩართულია, რომელმაც თბილისში, ისანში ავტორიზებული სასაწყობო სივრცე მოაწყო და სურსათის გადანაწილებას ახდენს.
მისი თქმით, პროცესში საცალო ვაჭრობის ქსელებიც აქტიურად ერთვებიან, სადაც უახლოეს მომავალში განთავსდება სპეციალური ყუთები, იმისთვის, რომ საკუთარი წვლილის შეტანა მომხმარებლებმაც შეძლონ.
როგორც ჯუბა მარუაშვილი აღნიშნავს, „ენკენია“ წლების მანძილზე ფუნქციონირებდა როგორც საქველმოქმედო ორგანიზაცია და საკუთარი ბენეფიციარებიც ჰყავს. ახლა კი, სურსათის ბანკის სტატუსის მიღების შედეგად, ორგანიზაცია ოფიციალურად სურსათის გადანაწილებას, მხოლოდ საკუთარ ბენეფიციარებზე ახდენს. მისივე ინფორმაციით, იმისათვის, რომ “ენკენიას“ ავტორიზაცია გაევლო, მას HACCP-ის სტანდარტების დაკმაყოფილება მოუწია. ეს იქნება თაროების ხარისხი და განთავსება, ვენტილაცია და სურსათის დახარისხება. ის დასძენს, რომ აღნიშნულს სურსათის ეროვნული სააგენტო აკონტროლებს პროცესს.
“პროდუქციის ნაწილი უკვე გაიცა, თუმცა ეს არ ხდება დახლიდან აღებული პროდუქტებით, არამედ ბიზნესის მიერ ნებაყოფლობით გადაცემული პროდუქტებით. ორგანიზაციას სხვადასხვა სუპერმარკეტთან აქვს გაფორმებული ხელშეკრულება და მომავალში იგეგმება, რომ სუპერმარკეტებში დაიდგას კონტეინერები. პირობითად, თუ ადამიანი შეიძენს სამ შეკვრა წიწიბურას, ერთს გასცემს და ჩადებს ამ კონტეინერში.
ბენეფიციარზე გაიცემა მხოლოდ არამალფუჭებადი, დაბალი რისკის შემცველი პროდუქცია. აქ გამოირიცხება, მაგალითად, ხორცპროდუქტი, რძის პროდუქტი, გამოირიცხება, მაგალითად, პურ-ფუნთუშეული, სადაც მაგალითად, კრემია. ჩვენი დაკვირვებით, პროდუქციის გაცემის ინტერვალი, დამოკიდებული იქნება შეგროვებული პროდუქციის რაოდენობაზე. კომპანიას გარკვეული დღეები აქვს გამოყოფილი, როდესაც დონაციას გასცემენ. ბენეფიციარებს სოციალური ქსელის საშუალებით ამცნობენ გასაცემ პერიოდზე”, - აცხადებს fao-ს წარმომადგენელი.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ჯუბა მარუაშვილის განცხადებით, აღნიშნული საპილოტე პროექტი აჩვენებს, სისტემის გამოწვევებს, არსებულ მოცულობებს და ამის მიხედვით მოხდება პროექტის განვითარება.




























