მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში „თოდუას კლინიკის“ ახალი ფილიალი გაიხსნა - „მომართვიანობა 30%-მდე გაიზრდება“

62050e2be85c1
ვიქტორია მღებრიშვილი
10.02.22 20:55
1773
თბილისში, ვერაზე იაკობ ნიკოლაძის 10-ში „თოდუას კლინიკის“ ახალი ფილიალი გაიხსნა.

BM.GE-სთან საუბრისას „თოდუას კლინიკის“ გენერალური მენეჯერი გიორგი დიასამიძე ამბობს, რომ დამატებითი ფილიალის გახსნის საჭიროებაზე ფიქრი ორი წლის წინ დაიწყო, რის შემდეგად შეირჩა ადგილი და 2021 წლის მაისში დაწყებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქცია 2022 წლის იანვრისთვის უკვე დასრულებული იყო.

კითხვას - რატომ გაჩნდა კლინიკის ახალი ფილიალის გახსნის საჭიროება, გიორგი დიასამიძე ასე პასუხობს:

„ვერის ფილიალის გახსნის საჭიროება პირველ რიგში, ცენტრალურ ფილიალში პაციენტების მაღალი მომართვიანობის ტენდენციის გამო გაჩნდა. გადავწყვიტეთ გაგვეხსნა ახალი ფილიალი, რომ პაციენტების რაოდენობა არ გამხდარიყო სამედიცინო სერვისის მიწოდების ხარისხზე ზეგავლენის მიზეზი. თოდუას სახელობის კლინიკის ახალი ფილიალის გახსნა ისეთ ადგილას გადაწყდა, სადაც სამედიცინო ცენტრები არ იქნებოდა. ეს ჩვენი მომხმარებლის მოთხოვნაც იყო, რომ კლინიკურ-ამბულატორიული მომსახურება ცენტრალურ უბანშიც გვქონოდა“, - განმარტა გიორგი დიასამიძემ.



„თოდუას კლინიკის“ მენეჯმენტში ახალი ფილიალის გახსნაში ჩადებული ინვესტიციების მოცულობის გაჟღერებისგან თავს იკავებენ და აღნიშნავენ, რომ ფილიალმა დამატებით 100 სამუშაო ადგილი შექმნა, სადაც 30 ექიმი და სხვადასხვა დონის მედპერსონალი დასაქმდა. ამით კლინიკის მიერ ჯამურად დასაქმებულთა რაოდენობა 600-მდე გაიზარდა.

„რთულია იმის თქმა დღიურად რამდენ ადამიანს იღებს ცენტრალური ფილიალი, რადგან სამედიცინო ცენტრის მომსახურების სპეციფიკა განსხვავებულია, ყველა პროცედურისას მანიპულაციის ჩასატარებლად განსხვავებული დრო ესაჭიროება. თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ ახალი ფილიალის გახსნით ცენტრალურ ფილიალში მიღებული პაციენტების რიცხვი 20-30% გაიზრდება“, - უთხრა თოდუას კლინიკის მენეჯერმა BM.GE-ის.

ახალ ფილიალში ძველ სამედიცინო სერვისებთან ერთად როგორიცაა რადიოლოგია (კტ, მრტ, ულტრაბგერა, რენტგენი, მამოგრაფია - ტომოსინთეზით, დენსიტომეტრია); ენდოსკოპია; ლაბორატორია; ნევროლოგია; კარდიოლოგია; ენდოკრინოლოგია; რევმატოლოგია; გასტროენტეროლოგია; ინფექციური სნეულებები; გინეკოლოგია; უროლოგია; ალერგოლოგია; დერმატოლოგია/ ონკოდერმატოლოგია; კლინიკური ონკოლოგია; საოჯახო მედიცინა; Check-up - პროფილაქტიკური მედიცინის ცენტრი; პლასტიკური ქირურგია, პაციენტებს ახალი პედიატრიული სერვისის და ასევე სარძევე ჯირკვლის გამოკვლევის მომსახურების მიღება შეეძლებათ. თოდუას კლინიკის ვერის ფილიალის 70% დღეისთვის გამართულად მუშაობს, გარკვეული მიმართულებებს კი კლინიკის მენეჯმენტი მას შემდეგ აამოქმედებს, რაც უცხოეთიდან სპეციალისტები ჩამოსვლას და ადგილობრივების კონკრეტული მიმართულებით დატრენინგებას შეძლებენ, რაც 2-3 კვირაში მოხდება.

კლინიკის გენერალური მენეჯერის შეფასებით, ახალი ფილიალის მიმართ ინტერესი საკმაოდ დიდია.



„თოდუას კლინიკა“ განვითარებას და ქსელის გაფართოებას მომავალშიც გეგმავს.

„ეს ჩვენი პირველი ფილიალია, რაც გუნდისთვის ძალიან დიდი გამოწვევა და გამოცდილება იყო. მას შემდეგ, რაც ჩავთვლით, რომ წარმატების გარკვეულ დონეს მივაღწიეთ, ჩვენი გეგმაა როგორც თბილისში, ასევე მის ფარგლებს გარეთ - რეგიონებში განვითარება. რადგან სამედიცინო სერვისები, რომელსაც ჩვენ პაციენტებს ვთავაზობთ უნიკალურია და ჩვენ ვიმუშავებთ, რათა ეს სერვისები მთელი საქართველოს მასშტაბით მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი გახდეს“, - აღნიშნა BM.GE-სთან საუბრისას „თოდუას კლინიკის“ გენერალურმა მენეჯერმა გიორგი დიასამიძემ.

ცნობისთვის, თოდუას კლინიკა 1991 წელს აკადემიკოს ფრიდონ თოდუას მიერ დაარსდა. მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური ექიმებით, აღჭურვილია ულტრათანამედროვე აპარატურით, ფლობს მძლავრ მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები