თბილისში ტრანზიტული მანქანების მოძრაობისთვის ჯარიმა 500 ლარამდე გაიზრდება - შესაბამისი საკანონმდებლო წინადადება თბილისის მერიას აქვს. დაგეგმილ ცვილებებზე მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ ისაუბრა.
მისი თქმით, თბილისის მსგავს დიდ ქალაქებში ტრანზიტული გადაადგილება აკრძალულია, თუმცა, ჯარიმის სიმცირის გამო, მძღოლები არღვევენ კანონს. კალაძის ინფორმაციით, ჯარიმა დღეს 20 ლარია.
„ქალაქის საცობებისგან განტვირთვა, გამონაბოლქვის შემცირება, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე და ფეხით მოსიარულეებზე მორგებული სატრანსპორტო სისტემის შექმნა, რაც საზოგადოების პირდაპირი დაკვეთაა.
ვგეგმავთ რამდენიმეეტაპიანი სამუშაოების განხორციელებას, რომელიც, ერთი მხრივ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება-რეაბილიტაციისკენ, საგზაო ტრანსპორტის მოძრაობის მოწესრიგებისკენ არის მიმართული. მეორე მხრივ, გარკვეულ განვითარებულ ქვეყნებში აპრობირებული შეზღუდვების შემოღებისკენ.
ჩვენ ვგეგმავთ როგორც მეტროს რეაბილიტაციას, იმისთვის, რომ გადაადგილების დრო შევამციროთ, ასევე, გავზარდოთ მგზავრთა რაოდენობა. ავტობუსების პარკის განახლებას ვაპირებთ, გვინდა, რომ არსებული ყვითელი ავტობუსები ჩავანაცვლოთ ახალი ევროპული, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსებით და ვაპირებთ ე.წ. "ბას ლაინების" მოწყობას. ასევე, იქნება დასუფთავების მანქანების სპეციალური გრაფიკით მოძრაობა, მიკროავტობუსების გაჩერების წესის რეგულაცია, სადისტრიბუციო და სმაშენებლო ტრანსპორტზე სპეციალური რეჟიმების განსაზღვრა და სხვა.
თბილისში, როგორც ყველა დიდ ქალაქში, ტრანზიტული მოძრაობა არის აკრძალული, თუმცა, მცირე ჯარიმის გამო ამ წესს თამამად არღვევენ მძღოლები. ჯარიმა დღეს არის 20 ლარი და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს უნდა გაიზარდოს 500 ლარამდე და ეს უკვე ჩადებულია საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტში, რომელიც პარლამენტს წარდეგინება“,- განაცხადა დედაქალაქის მერმა.

























