მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისში წელს დასამონტაჟებელი 198 სწრაფი ელექტროდამტენიდან 130 უკვე დამონტაჟებულია - მერია

კახი კალაძე

თბილისის საკონცერტო დარბაზის [ფილარმონიის] მიმდებარე ტერიტორიაზე კომპანია „მარტივის“ მიერ დაყენებულ ახალი ელექტრომობილის დამტენი სადგურს დღეს თბილისის მერი კახა კალაძე, ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე და ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ნინი ბაგაშვილი გაეცნენ.

მერიამ 198 დამტენის აუქციონები იანვარში გამოაცხადა. პროექტი სამ ლოტად არის დაყოფილი, რომლიდანაც თითოეული 66 დამტენის მოწყობას ითვალისწინებს. თითოეულ ლოტზე საწყისი ფასი წლიური იჯარისთვის 43,560 ლარს შეადგენდა, თუმცა აუქციონში დაფიქსირებული საბოლოო ფასი ამაზე 11.5-ჯერ ძვირი იყო. პირველ და მეორე ლოტზე საბოლოო ფასი წლიური იჯარისთვის 501,306 ლარია, ხოლო მესამე ლოტზე დაფიქსირებული საბოლოო ფასი 510,000 ლარს შეადგენდა. შესაბამისად სამივე ლოტის წლიური საიჯარო ფასი 1.5 მილიონ ლარს, ხოლო 10-წლიან პერიოდში კი 15 მილიონ ლარს შეადგენს.

კალაძემ კომპანიას თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ელექტრომობილების წახალისება თბილისის ეკოლოგიური პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. თბილისის მერიის ცნობით, მუნიციპალიტეტი დედაქალაქის ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს მკვეთრ გარემოსდაცვით ნაბიჯებს.

„ელექტრომობილების წახალისება ჩვენთვის მნიშვნელოვანი მიმართულებაა. მფლობელებს მთელი რიგი შეღავათები აქვთ უფასო განბაჟება, უფასო პარკირება. სწრაფი დამტენების მონტაჟზე თებერვალში გამოცხადებული ტენდერი სამი ლოტისგან შედგებოდა, სადაც ორი კომპანია გახდა გამარჯვებული. ორი ლოტი „მარტივმა“ მოიგო. მათ უკვე დაამონტაჟეს დაგეგმილი 130 სწრაფი დამტენიდან ნახევარზე მეტი. სერვისით სარგებლობა მარტივია, საჭიროა მხოლოდ მობილური აპლიკაცია“, - განაცხადა კალაძემ.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ელექტრომობილების დამტენების ქსელის განვითარება ქალაქში ეკომეგობრული და თანამედროვე გადაადგილების სტანდარტის ჩამოყალიბებას ემსახურება. 2025 წლის თებერვალში ჩატარებული აუქციონის ფარგლებში თბილისში ჯამში 198 სწრაფი დასამუხტი სადგურის მონტაჟია დაგეგმილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები