მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში ცხოველთა პოპულაციის მართვის ცენტრს „ბილდკინგსი“ 727 700 ლარად აშენებს

ცხოველთა მართვის სააგენტო

თბილისში, მუნიციპალური თავშესაფრის ტერიტორიაზე პოპულაციების მართვის ახალი თანამედროვე სტანდარტების ცენტრს კომპანია „ბილდკინგსი“ ააშენებს.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინფორმაციით, შესაბამისი ხელშეკრულება ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსა და ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას შორის უკვე გაფორმდა.

მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში 30 ინდივიდუალური ვოლიერი, ლაბორატორია და საოპერაციო ბლოკი, თავისი პოსტოპერაციული სივრცით მოეწყობა, რაც ცენტრში ერთდროულად და ამავე დროს ერთმანეთისგან იზოლირებულად 30 ცხოველის მიღების შესაძლებლობას გულისხმობს. შენობები სავენტილაციო და საკანალიზაციო სისტემებით, ასევე, გათბობა-გაგრილების ელექტროგაყვანილობის სისტემებით იქნება უზრუნველყოფილი.

„ახალი ცენტრი იზოლირებული იქნება არსებული თავშესაფრის შენობისგან და აქ ცხოველებს მხოლოდ სტერილიზაცია-კასტრაციის მიზნით გადაიყვანენ. თავშესაფრის სრული პერიმეტრი ღობით შემოისაზღვრება.

ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობა და მოწყობა მიმდინარე წელს დასრულდება, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის თავშესაფრის გამტარუნარიანობას და შესაბამისად, სტერილიზაცია-კასტრაციის ოპერაციების რაოდენობის“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ ტენდერი გასული წლის ნოემბერში გამოაცხადა, წინადადებების მიღება კი 7 დეკემბრიდან დაიწყო და 12 დეკემბერს დასრულდა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 734 725 ლარი იყო. პროექტი ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან ფინანსდება. აღნიშნულ ტენდერში მონაწილეობა ორმა კომპანიამ New Georgia-მ და „ბილდკინგს“-მა მიიღეს. აქედან მეორემ შემსყიდველს პროექტის განხორციელებისთვის უკეთესი ფასი 727 700 ლარი წარუდგინა და ტენდერი მოიგო. კომპანიასა და ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს შორის ხელშეკრულება 22 დეკემბერს გაფორმდა და ის მიმდინარე წლის 30 ოქტომბრამდეა ძალაში.

ცნობისთვის, კომპანია „ბილდკინგსი“ 2016 წელსაა რეგისტრირებული და მის წილებს ლაშა რუხაძე (40%), ნანო რუხაძე (20%) და ნელი კალაძე (40%) ფლობენ. ტენდერების მონიტორინგის მიხედვით, კომპანიას 294 ტენდერში აქვს მონაწილეობა მიღებული. აქედან 78 მოგებული, 198 კი წაგებული აქვს. მოგებული კონტრაქტების საერთო ღირებულება 60 646 102 ლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები