თბილისში ტაქსების გამოძახების აპლიკაცია Uber Georgia ამუშავდა, რაც ნიშნავს, რომ მომხმარებლებს Uber Georgia-ს პრემიუმ სერვისით, Uber Black-ის სარგებლობა შეუძლიათ. ამის შესახებ BMG-სთვის გახდა ცნობილი.
კომპანიის განცხადებით, Uber Black-ის სერვისი იმითაა გამორჩეული, რომ კომპანიის პარტნიორი მძღოლების ავტოპარკში მხოლოდ ერთ ავტომობის - იაპონური Toyota-ს პრემიულ სედანს, Toyota Camry-ის ვხვდებით. როგორც Uber Georgia-ში გვითხრეს, ტაქსის საბარგული ყოველთვის ცარიელია, ხოლო ავტომობილის სალონში ხელმისაწვდომია, როგორც სმარტფონის დამტენები, ასევე წყალი და ხელსახოცები. ამასთან, Uber Black-ში შედარებით გამოცდილი მძღოლები მუშაობენ, რომელთაც ვიდეოინტერვიუები და დამატებითი მომზადება გაიარეს და რომელთა მინიმალური რეიტინგი 4.85 ქულაა. Uber Black-ის მძღოლებისთვის განსაზღვრულია დრესკოდიც.
როგორც ამ დრომდე იყო ცნობილი, საქართველოში, Uber Georgia-ს ბრენდი პრემიუმ-სეგმენტში უნდა გამოჩენილიყო და ეს ასეც მოხდა: თავისუფლების მოედნიდან ფილარმონიამდე, მაგალითად, Uber Black-ით მგზავრობა, ამ დროისთვის, 7 ლარი ღირს, როცა Rooms Hotel-დან “გარდენია შევარდნაძემდე” მგზავრობა 16 ლარადაა შესაძლებელი. თანხის გადახდა მგზავრებს შეუძლიათ, როგორც ნაღდი ფულით, ასევე აპლიკაციაში დამატებული საბანკო ბარათით.
თბილისში სერვისის ამოქმედებამდე, Uber Georgia-მ სარეკლამო კამპანია გაუშვა, სახელწოდებით Black Suits You, რომლის წარდგენა “თბილისის კულტურის კვირეულის” ფარგლებში შედგა. შესაბამისად, Uber Black-ის ახალი, პრემიუმ კლასის ტაქსით პირველად სწორედ გლობალური მოდის ინდუსტრიის წარმომადგენლებმა იმგზავრეს, ხოლო ქუჩის სტილის ცნობილმა ფოტოგრაფმა, ადამ კაც სინდინგმა ისინი ფირზე აღბეჭდა.
ფოტო: Adam Katz Sinding