თბილისის მერიაში საზიარო სამუშაო სივრცეების მოწყობაზე მუშაობენ. ამ ეტაპზე იმ ადგილის შერჩევა მიმდინარეობს, სადაც დამწყები ბიზნესმენები საოფისე სერვისებს უფასოდ მიიღებენ. მოსამზადებელი სამუშაოები 2018 წლის განმავლობაში დასრულდება, მომავალი წლიდან კი საზიარო სამუშაო სივრცით სარგებლობა ერთდროულად 60 ადამიანს შეეძლება. ამავე სივრცეში იქნება შესაძლებელი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საკონსულტაციო მომსახურების გაწევა და დამწყები მეწარმეების პროდუქციის პოპულარიზაციისთვის გამოფენა-გაყიდვების ორგანიზება.
პროექტის ღირებულება 3 მილიონ ლარამდეა. "მერები ეკონომიკური ზრდისთვის საპილოტე პროექტების" ფარგლებში ნახევარს ევროკავშირი დააფინანსებს.

























