"მწვანე საფარის დაზიანებისა და მოპარვის ფაქტები ყოველდღიურია", - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ "საქმიანი დილის" ეთერში განაცხადა. მისი განმარტებით, თუ არ იქნება სამოქალაქო საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა და არ აღიკვეთება მსგავსი ვანდალური ფაქტები, მერიის პროგრამა, რომელიც დედაქალაქში მწვანე საფარის აღდგენას ითვალისწინებს, უშედეგო იქნება.
"თბილსერვის ჯგუფი" დასუფთავებაზე და პარკების ნაწილობრივ მოვლა-პატრონობაზე იყო ორიენტირებული და დანარჩენი სკვერები იყო ტენდერების ამარა დატოვებული. ამიტომ, შევქმენით ახალი სისტემა, შპს "ეკოსერვისი", ის ადამიანები, რომლებიც იქ მუშაობენ, ყოველდღიურად უვლიან მწვანე საფარს, თიბავენ, შეაქვთ აზოტი და ატარებენ მთელ რიგ ღონისძიებებს.
მაგრამ, ჩვენი მებაღეები ყოველდღიურად აწყდებიან ვანდალიზმის ფაქტებს. წინა დღეს დარგული ბუჩქი და გათიბული ბალახი, მეორე დღეს მოპარული და დაზიანებული ხვდებათ. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს საზოგადოების, რომ მათი სამოქალაქო პასუხისმგებლობა ამაღლებული იქნება და მოუვლიან იმ გამწვანებულ არეალებს, რასაც მერია შესთავაზებს მათ. თბილისელების ჩარევის გარეშე, ამის მიღწევა შეუძლებელი იქნება და ის პროგრამა, რასაც მერია დედაქალაქის გამწვანებისთვის ახორციელებს უშედეგოდ დასრულდება", - განაცხადა მაია ბითაძემ.

























