სამი კვირის წინ თბილისში ვინტაჟური და ანტიკვარული ნივთების მოყვარულებისთვის ახალი სტუდიო, სივრცე სახელწოდებით Process Vintage Studio გაიხსნა, რომელიც მომხმარებელს დროში მოგზაურობასა და სხვადასხვა ისტორიის და ხასიათის ნივთების გაცნობას სთავაზობს.
აღნიშნული სივრცის შესახებ „ქალების ნარატივში“ Process Vintage Studio-ს დამფუძნებელმა, თეონა ჯაჯანაშვილმა ისაუბრა.
„Process Vintage Studio სივრცე სულ რამდენიმე კვირაა რაც გავხსენით. ამ ჯადოსნურ გარემოში პირველსავე შემოსვლისას სხვა სამყაროში ხვდები და ნივთებთან ერთად დროში მოგზაურობას იწყებ. სტუდიოში ერთად მოვუყარეთ საკოლექციო დეკორაციებს, აქსესუარებს ფრანგული შატოებიდან, აფრიკულ ხელნაკეთ ნიღბებსა და ნაკეთობებს, გერმანულ კერამიკას და ზოგადად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან იმ განსაკუთრებულ ნივთებს, რომლებსაც საკუთარი ხასიათი, ისტორია და გამორჩეული ენერგეტიკა გააჩნიათ. ჩვენს სტუდიოს კონცეფციაც ეს არის, და ყველაფერი რასაც აქ ნახავთ, ამ კონცეფციის ნაწილია,“ - აღნიშნა თეონა ჯაჯანაშვილმა.
მისი თქმით, Process Vintage Studio-ს შოურუმში ამჟამად 1500 ნივთი არის წარმოდგენილი, თუმცა 5000 ნივთი კიდევ აქვთ მარაგში, რომლის განთავსება სივრცეში ადგილის არ ქონის გამო ვერ ხერხდება.
„ნივთებს საკუთარი ხელით ვარჩევთ, ყველას ინდივიდუალურად, მათ შორის სხვა ქვეყნების ფრი მარკეტებზე. ყველა ნივთის ისტორიას ვისმენთ და ამ ისტორიებით მიგვაქვს მომხმარებლამდე. რაც შეეხება ფასებს, ის ყველასთვის ხელმისაწვდომია.“ - აღნიშნა თეონა ჯაჯანაშვილმა.
მისივე თქმით, Process Vintage Studio იგეგმება მასტერკლასების ჩატარებაც, რაც ორ მიმართულებას მოიცავს: მცენარეების მოვლისა და ქსოვის ჭრილში, რომელსაც ყოველკვირეული ხასიათი ექნება.
Process Vintage Studio-ში ამჟამად 5 ადამიანია დასაქმებული, რომელიც თბილისში, ირაკლი აბაშიძის 17 ნომერში მდებარეობს.