მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისში ყინულის არენის მშენებლობა დასრულდა - ბიუჯეტიდან ₾29.2 მილიონი დაიხარჯა

თბილისი

თბილისში საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენის მშენებლობა დასრულდა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ყინულის არენის პროექტირება-მშენებლობა 2023 წლის დეკემბრიდან დაიწყო და სახელმწიფო ბიუჯეტიდან 29.2 მილიონი ლარით დაფინანსდა.

"უმაღლესი დონის თბილისის ყინულის არენის შენობაში მოეწყო 60 მეტრი 30 მეტრზე ზომის ყინულის მოედანი, 700-მდე მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნები, სავარჯიშო, ქორეოგრაფიული, დასავენებელი, სამედიცინო, საგრიმიორო და საკონფერენციო დარბაზები, გასახდელები და სველი წერტილები. ასევე, გათვალისწინებულია სივრცე კაფესთვის - მოედნის პანორამული ხედით და ავტოსადგომი.

შენობაში დამონტაჟდა გაგრილების სისტემა, რომელიც, საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად, უზრუნველყოფს სხვადასხვა ტემპერატურულ რეჟიმს და ყინულის საფარის გაგრილებასთან ერთად, არეგულირებს როგორც ტენიანობის დონეს, ისე მაყურებლთა სივრცის გათბობას. მოედანზე დამონტაჟდა ორი ტაბლო და განათების სისტემა. შენობა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

ყინულის არენა მოემსახურება ჰოკეის, ფიგურული სრიალისა და კერლინგის სპორტის სახეობებს.

სპორტული კომპლექსი აღიჭურვა ყინულის მოედნის მოსავლელი და საპრიალებელი ორი ერთეული მანქანა-დანადგარით. იატაკის სპეციალიზებული იზოლირებული საფარის საშუალებით ყინულის გადნობის გარეშე, მოედანი მოემსახურება საზაფხულო სპორტის სახეობებსა და სხვა სახის ღონისძიებებსაც (კალათბურთი, მინი ფეხბურთი, ხელბურთი და ა.შ)", - ნათქვამია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, ყინულის არენის უახლესი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ტექნილოგიებით აღჭურვა და მონტაჟი უზრუნველყო ჩეხურმა კომპანიამ.

თბილისის ყინულის არენა 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიადას უკვე თებერვალში უმასპინძლებს.

2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ფესტივალს საქართველო თებერვალში თბილისში ბაკურიანსა და ბათუმში უმასპინძლებს. ახალგაზრდული ფესტივალისთვის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, ბაკურიანში ბიატლონის მოედნისა და თხილამურებით რბოლის 3.5 კმ სიგრძის ტრასის მშენებლობაც დაასრულა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები