მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში ყოფილი ელმავალმშენებელი ქარხნის 257,920 მ²-ზე ახალი საცხოვრებელი უბნის მშენებლობა იგეგმება

ელმავალმშენებელი ქარხანა

თბილისში, გურამიშვილის გამზირზე მდებარე ყოფილი ელმავალმშენებელი ქარხნის 257,920 მ²-ის უძრავ ქონებაზე ახალი საცხოვრებელი უბნის მშენებლობა იგეგმება - ზონალური ცვლილების შესახებ განაცხადი კომპანია "ჯორჯიან რეილვეი სერვის ჯგუფმა" გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს უკვე წარუდგინა.

ტერიტორია მოიცავს მეტრო ღრმაღელედან მეტრო გურამიშვილამდე სივრცეს და ის თბილისში არსებული ერთ-ერთი უდიდესი ინდუსტრიული ობიექტია, რომელიც წარსულში ელმავლების მშენებლობით იყო დაკავებული.

განაშენიანების პროექტის თანახმად, ადგილზე 11-დან 26 სართულამდე სიმაღლის საცხოვრებელი კორპუსები განთავსდება. განვითარების პროექტი მოიცავს საერთო ჯამში 280,035 კვადრატული მეტრის საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობას, ასევე 29,099 კვადრატული მეტრის საზოგადოებრივი ობიექტების, 14,549 კვადრატული მეტრის კომერციული ფართების და 19,864 კვადრატული მეტრის საგანმანათლებლო ობიექტების მშენებლობას.

2025 წლის იანვრიდან ქარხანას "ჯორჯიან რეილვეი სერვის ჯგუფი" ფლობს. ბიზნეს რეესტრის თანახმად, აღნიშნული კომპანიის 100%-იან წილს საქართველოს და რუსეთის ორმაგი მოქალაქე სოლომონ ჩხაიძე ფლობს. კომპანია 2023 წელს არის დაფუძნებული. ბიზნეს რეესტრის მონაცემებით, ობიექტის 26,800 კვადრატული მეტრი აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ არის დაყადაღებული.

თბილისის ელმავალმშენებელი ქარხანა 1957 წელს დაფუძნდა. ქარხანა საბჭოთა პერიოდში ელმავლების წარმოებით იყო დაკავებული. პრივატიზაციის შემდეგ კომპანიისთვის ყველაზე წარმატებული 2013 წელი იყო, როდესაც შემოსავლები 40 მილიონ დოლარს აღემატებოდა, თუმცა უკვე 2017 წლიდან მისი შემოსავალი ჯერ 1.3 მილიონ დოლარამდე შემცირდა, ხოლო 2019 წლის შემდეგ 1 მილიონ დოლარს ჩამოსცდა. კომპანიას საჯაროდ ხელმისაწვდომი უკანასკნელი ფინანსური ანგარიშგება მხოლოდ 2019 წელს აქვს გამოქვეყნებული. არსებული მდგომარეობით კი ქარხნის ამჟამინდელი მესაკუთრე მის დემონტაჟს და ადგილზე დეველოპერული პროექტის განხორციელებას გეგმავს.

პროექტის ადგილმდებარეობა:

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები