თბილისში, ზესტაფონსა და ვანში სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა მონიტორინგის ფარგლებში არალეგალური სასაკლაოები გამოავლინეს, რომელთან საწარმოო პროცესი შეუჩერდათ და დაჯარიმდნენ.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შინდისში, არალეგალური სასაკლაო მიხეილ ჯავახიშვილის I შესახვევში გამოავლინეს.
"ფიზიკური პირის კუთვნილი ობიექტი ფუნქციონირებდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და აღიარების გარეშე; არაგეგმური ინსპექტირებისას გამოვლინდა ასევე ეტიკეტირებისა და მიკვლევადობის წესის დარღვევა; 200 კგ საქონლის ხორცი ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე, რომელიც დაილუქა და კანონმდებლობის შესაბამისად განადგურდება. ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუჩერდა საქმიანობა რეგისტრაციამდე, აღიარებამდე და კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე.
კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა ასევე ზესტაფონში, რუსთაველის 86-ში და ვანში, თავისუფლების 4-ში მდებარე არალეგალურ სასაკლაოებში. სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორების მიერ ჩატარებული არაგეგმური ინსპექტირების შედეგად დაფიქსირდა საქმიანობა ბიზნესოპერატორად რეგისტრაციისა და აღიარების გარეშე, საეჭვო წარმომავლობის ხორცი, რის გამოც ობიექტები დაჯარიმდნენ და შეუჩერდათ საწარმოო პროცესი", - ნათქვამია სეს-ის განცხადებაში.
სააგენტოს ცნობით, სურსათის ეროვნული სააგენტო ცხოველთა სასაკლაოებში სახელმწიფო კონტროლს მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს. გეგმური ინსპექტირება რისკის დონის განსაზღვრის გარეშე, წელიწადში ოთხჯერ ტარდება; გარდა ამისა, ტარდება არაგეგმური ინსპექტირებაც. მიმდინარე წელს ჩატარებულია 1035 სახელმწიფო კონტროლი, გამოვლინდა 80 ადმინისტრაციული სამართალდარღვევა.




























