დღემდე teamtwo ბაზარზე მოქმედ ბიზნეს სუბიექტებსა თუ ინდივიდუალურ დამკვეთებს არქიტექტურულ, კონსტრუქციულ და საინჟინრო პროექტების შეთავაზებით, სრულ მომსახურებას სთავაზობდა, თუმცა ბაზრის მასშტაბებიდან და პროფესიონალ კონსტრუქტორთან სიმრავლით ერთი თვეა, რაც კომპანიამ დამოუკიდებელ კონსტრუქციულ პროექტებზე დაიწყო მუშაობა. დღეს კომპანიაში 9 კონსტრუქტორია დასაქმებული, რომელთა ნაწილი 2004 წლიდან სამშენებლო კომპანია იბერიაში მუშაობდა, შემდეგ დამოუკიდებელი საპროექტო კომპანია სახელოსნო #4 შექმნეს, რომელიც 2019 წელს teamtwo-ს არქიტექტორების გუნდთან გაერთიანდა და როგორც teamtwo – Architects & Engineers ჩამოყალიბდა.
პროფესიით კონსტრუქტორი და კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი გოგოხია BM.GE-სთან ამბობს, რომ კონსტრუქციული პროექტების დეპარტამენტში გაერთიანებული პროფესიონალების გუნდი ამ სერვისის დამოუკიდებლად კეთების საშუალებას აძლევთ.
„ჩვენი სამიზნე კატეგორია ძირითადად დიდი მოცულობის პროექტები - მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები, კომერციული შენობა-ნაგებობებია. ამ მიმართულებით მოთხოვნა კონსტრუქციული პროექტების სერვისის მიმართ ძალიან დიდია. გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ ამ მიმართულებით ბაზარზე ძალიან ცოტა - დაახლოებით 500 პროფესიონალი კონსტრუქტორია, ვისაც მასშტაბური პროექტების შესრულება შეუძლია. ყოველწლიურად კი საშუალოდ 6 მლნ კვ.მ სამშენებლო ფართობზე გაიცემა ნებართვა, რაც საკმაოდ დიდი მოცულობაა და შესაბამისად, მოთხოვნაც დიდია“, - განმარტავს ირაკლი გოგოხია კონსტრუქციული სერვისების ცალკე გამოყოფის მნიშვნელობაზე საუბრისას.
უნდა აღინიშნოს, რომ teamtwo-მ 2022 წელს 30-მდე კომპლექსური პროექტი შეასრულა. კონსტრუქციული პროექტების დამატებით კი 2023 წელს წარმადობის 30-40%-ით ზრდას პროგნოზირებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ კონსტრუქციული მიმართულებით დაახლოებით 20 პროექტის დამუშავებას შეძლებენ.
კითხვას - არქიტექტურული, კონსტრუქციული და საინჟინრო პროექტების მომსახურებიდან, კომპანიისთვის ახალი მიმართულების ცალკე გამოყოფა და ბაზრისთვის შეთავაზება, მომხმარებელს სერვისს ხომ არ გაუძვირებს, ირაკლი გოგოხია ასე პასუხობს: „ამ სერვისს კომპანია მომხმარებელს საბაზრო ფასად სთავაზობს და ამ, სერვისის მიწოდება არქიტექტორის გავლით ხდება. შესაბამისად, დამკვეთი ამ მომსახურებას იმავე ფასად იღებს, რაც კომპლექსური მიწოდების შემთხვევაში იქნებოდა“.
შესაბამისად, დღეს teamtwo – Architects & Engineers პროფესიონალი კონსტრუქტორებისა და კონსტრუქციული სერვისის ცალკე გამოყოფით, ერთი მხრივ კომპანიის განვითარების, მეორე მხრივ სამშენებლო ბაზრისთვის მაღალი ხარისხით შესრულებული დამოუკიდებელი პროექტის შესრულების შესაძლებლობას აჩენს, რაზეც მოთხოვნა ქვეყანაში მაღალია.


























