გუშინ, 16 აპრილს, "ქართული ოცნების" კულტურის მინისტრის, თინათინ რუხაძის განცხადება გავრცელდა, რომლითაც ცნობილი გახდა, რომ დავით დოიაშვილს ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობა დაატოვებინეს.
მსახიობები, რეჟისორები და სფეროს სხვა წარმომადგენლები დოიაშვილისთვის სოლიდარობის გამოსაცხადებლად გუშინ "ახალ თეატრთან" შეიკრიბნენ. ნაწილმა, სოლიდარობა სოციალურ ქსელში გამოხატა.
bm.ge გთავაზობთ თეატრების განცხადებებს
„სამეფო უბნის თეატრი“
„სამეფო უბნის თეატრი“ სოლიდარობას უცხადებს დავით დოიაშვილს, რომელიც, კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით, აღარ იქნება „ვასო აბაშიძის სახელობის სახელმწიფო პროფესიული ახალი თეატრის“ ხელმძღვანელი. მხარდამჭერი განცხადება ფეისბუკზე გამოქვეყნდა.
„ჩვენი სრული სოლიდარობა და მხარდაჭერა „ახალი თეატრის“ თითოეულ წევრს და ყველა მამაც ხელოვანს საქართველოში, ვინც იბრძვის გამოხატვის თავისუფლებისთვისა და სამართლიანობისთვის ჩვენს ქვეყანაში...
მისი გათავისუფლება არის თავდასხმა, როგორც წარმატებულ თეატრალურ პროცესზე, ისე თავდასხმა გამოხატვისა და შემოქმედებით თავისუფლებაზე“.
“თეატრი სახელოსნო 42”
“თეატრი სახელოსნო 42” სოლიდარობას უცხადებს დავით დოიაშვილსა და “ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის” დასს.
დავით დოიაშვილის გაუმართლებელი გათავისუფლება არ ეხება მხოლოდ ერთ თეატრს - ეს არის სიგნალი ყველასთვის, ვისაც სჯერა თავისუფალი ხელოვნების და გამოხატვის ძალის. თეატრი არ დუმს. ჩვენი ხმა - ჩვენი პოზიციაა. ჩვენი მხარდაჭერა დავით დოიაშვილს! ეს ბრძოლა ჩვენი საერთო ბრძოლაა”.
სამოქალაქო თეატრი/Civil Theatre
"დავით დოიაშვილის "ახალი თეატრი" - ქართული თეატრის ნამდვილი დანიშნულებით - დღეს და ახლა!
სოლიდარობა დავით დოიაშვილს და "ახალი თეატრის" დასს".
თეატრების განცხადება არ გავრცელებულა, თუმცა სოლიდარობა სოციალურ ქსელში გამოხატეს თეატრალური დასების ხელმძღვანელებმა:
ავთო ვარსიმაშვილი - თავისუფალი თეატრი
"ეს არაა ერთი ადამიანის მოხსნა, ესაა თეატრის დახურვა. დოი არ დაიკარგება, ჩემი თეატრის კარიც ღიაა მისთვის და დარწმუნებული ვარ, ბევრი სხვა თეატრიც გაუღებს კარს. მაგრამ ერთ ერთი საუკეთესო ქართული თეატრი რომ დაიხურა ეს ფაქტია".
ქეთი დოლიძე - მოზარდ მაყურებელთა თეატრი
"დათო დოიაშვილის გათავისუფლება არასწორია, არასწორი".
მასალა განახლდება

























