სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა დღეს 2019 წლის თებერვლის თვის ინფლაციის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა.
დოკუმენტის მიხედვით, გასული თვის განმავლობაში საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ 2.3% შეადგინა. სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტად - 16%-ით ფასები თამბაქოსა და ალკოჰოლური სასმელების ჯგუფზე გაიზარდა. სურსათის ფასების ზრდამ კი 2.9% შეადგინა.
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.9 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.9 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: თევზეული (12.5 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (10.2 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (7.6 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (4.3 პროცენტი), ასევე მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (2.5 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (-23.6 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-3.4 პროცენტი);
ჯანმრთელობის დაცვა: ფასები მომატებულია 3.4 პროცენტით, რაც 0.29 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (4.8 პროცენტი), ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (4.1 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურება (1.4 პროცენტი);
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 16.1 პროცენტით, რაც 1.06 პროცენტული პუნქტით აისახა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ფასები მომატებულია თამბაქოს ნაწარმზე (32.7 პროცენტი);
ტრანსპორტი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 2.0 პროცენტიანი მატება, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.25 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (3.4 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (1.2 პროცენტი).

























