2024 წლის თებერვალში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულებამ 6.83 ლარი შეადგინა, რაც წინა თვის მაჩვენებელს 3.3%-ით აღემატება. თუმცა წლიურ ჭრილში თუ შევხედავთ, 2023 წლის თებერვალთან შედარებით ინდექსი 1.5%-ით შემცირდა, - შედეგებია აღნიშნული ISET-ის მიერ გამოქვეყნებულ მაჩვენებელში.
ორგანიზაციის ცნობით, ყველის (-5,5%) და ფქვილის (-2,5%) ფასების წლიური კლება ამ თვეშიც გაგრძელდა, რასაც გასული თვეების ანგარიშებშიც ვხედავდით. თუმცა, აღსანიშნავია, რომ წლიურად სხვა ყველა ინგრედიენტის ფასები გაიზარდა: კარაქი (+14.8%), რძე (+13.0%), საფუარი (+11.8%), კვერცხი (+4.1%).
"თებერვალში ხაჭაპურის ინგრედიენტების უმეტესობაზე ფასები თვიურ ჭრილში გაიზარდა: კარაქი (+4,5%), ყველი (+3,9%), ფქვილი (+3,5%), რძე (+3,4%) და კვერცხი (+0,9%). გამონაკლისს წარმოადგენდა მხოლოდ საფუარის ფასი, რომელიც 0.9%-ით შემცირდა.
თვიურ ჭრილში ყველაზე მეტად კარაქის ფასი გაიზარდა, რომელსაც თითქმის თანაბარი პროცენტული ცვლილებით მოჰყვება ყველისა და რძის ფასების ზრდაც. როგორც წესი, წელიწადის ამ პერიოდში აღნიშნული პროდუქტების ფასების ზრდა გამოწვეულია იმით, რომ ადგილობრივი რძის წარმოება მცირდება და მისი ჩანაცვლება იმპორტირებული რძის ფხვნილით, რძით, კარაქით და სხვა რძის პროდუქტებით ხდება.
უახლოეს მომავალში, მოსალოდნელია, რომ რძის ფასი სეზონურ ტენდენციას მიყვება და დაიკლებს. აღდგომის დღესასწაულის მოახლოება, კერძოდ კი დიდმარხვის პერიოდი, რომელიც წელს 18 მარტს დაიწყება, რძისა და რძის პროდუქტების ფასების შემცირებას გამოიწვევს, რადგან მარხვის პერიოდში ამ პროდუქტებზე მოთხოვნა, როგორც წესი, დაბალია", - ნათქვამია ISET-ის ინფორმაციაში.