მიმდინარე წლის თებერვალში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ხელფასს იღებდნენ თითქმის 4%-ით გაიზარდა და მილიონს (1 000 906 პირი) გადააჭარბა.
კვლევითი ორგანიზაცია PMCG-ის მიერ გამოქვეყნებული „დასაქმების თრექერის“ მიხედვით, ყველაზე მეტ ადამიანს ჯამში დასაქმებულთა 35-35%-ს ხელფასი 1200-2399 ლარისა და 2400 ლარზე მეტის კატეგორიაში აქვს. თებერვალში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ამ კატეგორიაში იღებდნენ ანაზღაურებას 4%-ით გაიზარდა.
დასაქმებულთა 11.6%-ს, ანუ 116 105 ადამიანს 600 ლარამდე ხელფასი აქვს. გასული წლის თებერვალთან შედარებით, ამ კატეგორიაში ხელფასის მიმღებთა რიცხვი 1.5%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება ვაკანსიების რაოდენობას, 2026 წლის თებერვალში jobs.ge-ზე ჯამში 6382 ვაკანსია გამოქვეყნდა. მიუხედავად იმისა, რომ იანვართან შედარებით მაჩვენებელი მცირედით (0.5%-ით) შემცირდა, წლიურ ჭრილში ვაკანსიების რაოდენობა 14%-ითაა გაზრდილი.
ვაკანსიების ზრდის მიხედვით ლიდერობენ ინფორმაციული ტექნოლოგიები და პროგრამირება (მთლიანი ვაკანსიების 21%) და ადმინისტრაცია მენეჯმენტის (ჯამური ვაკანსიების 19%) მიმართულება. აღსანიშნავია, რომ 2025 წლის დეკემბრიდან 2026 წლის თებერვლის ჩათვლით, ვაკანსიების საერთო რაოდენობაში ყველაზე დიდი წვლილი გაყიდვებისა და შესყიდვების კატეგორიამ შეიტანა.



























