NASA-ს ინფორმაციით, 2025 წლის თებერვალში სამხრეთ ამერიკის ზოგიერთ წერტილში ტემპერატურის მკვეთრი მატება დაფიქსირდა, რის გამოც, ბრაზილიის ზოგიერთ ნაწილში სწავლის დაწყება გადაიდო.
განსაკუთრებულად ცხელი ტემპერატურა NASA-მ 17 თებერვალს დააფიქსირა. კოსმოსური კვლევის სააგენტომ თბური ტალღის რუკა გამოაქვეყნა, რომელზეც გამოსახული ტერიტორიები, სადაც, მიწის ზედაპირიდან 2 მეტრ სიმაღლეზე გაზომვის შემთხვევაში, ტემპერატურა 38 გრადუს ცელსიუსს აღწევს.
Nasa-ს ინფორმაციით, 17 თებერვალს განსაკუთრებულად მაღალი ტემპერატურა რიო-დე-ჟანეიროში დაფიქსირდა. გუარატიბას დასახლებაში მოქმედმა მეტეოროლოგიურმა სადგურმა მაქსიმალური ტემპერატურა 44 გრადუსი დააფიქსირა, რაც რეკორდულია მინიმუმ 10 წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ქალაქში კლიმატური გაფრთხილების სისტემა ამოქმედდა.
ბრაზილიის მეტეოროლოგიის ეროვნულმა ინსტიტუტმა კიდევ რამდენიმე მუნიციპალიტეტზე ისაუბრა, სადაც ტემპერატურამ 40 გრადუსს გადააჭარბა.
Nasa-ს ცნობით, რეგიონში თბური ტალღა ერთი კვირის განმავლობაში შენარჩუნდა, შემდეგ კი სამხრეთით, არგენტინისკენ გადაინაცვლა. სააგენტო იტყობინება, რომ ჩრდილოეთ არგენტინის ზოგიერთ რეგიონში ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს ჯერ კიდევ 17 თებერვლიდან აღწევდა, თვის ბოლოს კი ქვეყნის ამინდის ეროვნულმა სამსახურმა გამოაცხადა, რომ არგენტინის ექვს პროვინციაში, ექსტრემალური ტემპერატურის გამო, წითელი დონის განგაში გამოცხადდა.