მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თებერვალში საქართველომ $7 მლნ-ის 277 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია შეიძინა - TBC Capital

ელექტროენერგია

TBC Capital-ის ინფორმაციით, თებერვალში საქართველომ 277 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია იყიდა, რაშიც დაახლოებით 7 მლნ დოლარი გადაიხადა. თებერვალში იმპორტის მოცულობა წლიურად დაახლოებით 100 მლნ კვტ.სთ-ით არის შემცირებული.

იმპორტირებული ელექტროენერგიის ძირითადი წყარო ტრადიციულად რუსეთია, საიდანაც თებერვალში 194 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიაა იმპორტირებული. იანვრისგან განსხვავებით, საქართველოს თურქეთიდან დენი აღარ უყიდია, რაც იმპორტის ფასს დაეტყო და მნიშვნელოვნად შემცირდა. თებერვლიდან ქვეყანამ აზერბაიჯანიდან დენის იმპორტი განაახლა და ჯამში აზერბაიჯანიდან 81 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია იქნა შესყიდული, რაც ჯამური იმპორტის თითქმის 30%-ია.

ელექტროენერგიის იმპორტი ძირითადად იანვრის თვეზე მოდის, როდესაც ქვეყანამ 22.5 მილიონი დოლარი გადაიხადა. აღსანიშნავია, რომ თურქეთიდან ელექტროენერგიას თითქმის არ ვყიდულობთ და პირიქით ის საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის მთავარი საექსპორტო ბაზარია.

2025 წლის მონაცემები აჩვენებს, რომ შარშან თურქეთიდან იმპორტი მხოლოდ დეკემბრის თვეში იყო (40.5 მლნ კვტ.სთ). რატომ დასჭირდა ქვეყანას თურქეთიდან დენის იმპორტი, უცნობია. BMG-ის მიმართვის მიუხედავად, სახელმწიფო ელექტროსისტემაში და ესკოში ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ. რაც შეეხება რუსეთს, რუსეთიდან შემოსული ელექტროენერგია ოკუპირებულ აფხაზეთზეც ნაწილდება, რომელსაც რეგიონი სპეციალურ ფასად იღებს.

თებერვალში შემცირდა საბალანსო დენის ფასიც. საბალანსო ელექტროენერგია გასულ თვეში ჯამში 6%-ით 5.57 ცენტამდეა შემცირებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები