თებერვალში საქართველოში საარსებო მინიმუმი გაიზარდა და შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმმა 168 ლარი და 10 თეთრი შეადგინა, რაც იანვართან შედარებით, 1,8 ლარით გაზრდლი მაჩვენებელია, ხოლო წლიურად კი 5,1 ლარით.
საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 148 ლარი და 90 თეთრია. საქსტატის ინფორმაციით, საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი 282 ლარი და 10 თეთრია.
რაც შეეხება ოჯახის ტიპებს, - ორსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 238 ლარია, სამსულიანის 268 ლარი, ხოლო ოთხსულიანის კი 297 ლარი.
2004 წლიდან საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლებს ანგარიშობს იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით, რომელიც განსაზღვრულია და დადგენილია "საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად.

























