მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თებერვლიდან წალენჯიხის სკოლებში პირველკლასელთა კვება უფასო იქნება

63d1032474bdd
თინათინ ნატმელაძე
25.01.23 14:36
1267
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ „წალენჯიხის მუნიციპალიტეტში პირველკასელთა კვების უზრუნველყოფის პროგრამა“ დაამტკიცა. დადგენილება საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა. 

პროგრამის შესახებ დეტალების გასარკვევად BM.GE წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს, თამარ ბელქანიას დაუკავშირდა, რომელიც აცხადებს, რომ პირველკლასელთა კვებით უზრუნველყოფა თებერვლიდან დაიწყება, პროგრამა ერთ წლიანია და ამ ეტაპზე სატესტო რეჟიმშია, სამომავლოდ კი მისი მეორე და მესამე კლასელებზე გავრცელებაც იგეგმება.

რაც შეეხება კვებით უზრუნველყოფის ფორმას - ბელქანია გვიყვება, რომ ერთადერთი წინაპირობაა, რომ მოსწავლე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სკოლის პირველ კლასში ირიცხებოდეს, რის შემდეგაც მას ე.წ. School Card-ის მსგავსი პირადი საბანკო ბარათი გადაეცემა.

„ეს არის უპრეცენდენტო პროგრამა, თავის შინაარსით და ფორმით, საქართველოში მსგავსი სიახლე ჯერ არსად დანერგილა. ჩვენ ვითანამშრომლეთ განათლების სამინისტროსთან და წალენჯიხის რესურსებთან, დავამუშავეთ მონაცემები, შევისწავლეთ და დავეყრდენით კვლევებს, რის შემდეგაც ჩამოვყალიბდით, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 53 სკოლის 300-მდე პირველ კლასელისთვის უზრუნველყოფილი იყოს კვება.

TBC ბანკმა ეს საპასუხისმგებლო საქმე საკუთარ თავზე აიღო, შესაბამისად, თითოეულ ბავშვს გადაეცემა პირადი საბანკო ბარათი, სადაც დღიური ლიმიტი არის 4 ლარი, კვირის ლიმიტი კი 20 ლარი. მშობელს შეეძლება ეს თანხა როგორც დღიურად, ისე კვირაში ერთხელ, სრულად გამოიყენოს. იმ სკოლებში, სადაც სასადილო არ არის და ასეთი წალენჯიხაში მხოლოდ 6 სკოლაა, ბავშვს და მის მშობელს მიმდებარე სუპერმარკეტში შეეძლებათ თანხის განაღდება.

ეს პროგრამა შეიქმნა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით, შემდეგ დაამტკიცა საკრებულომ და გამოიყო 200 000 ლარის ოდენობის თანხა“, - განაცხადა თამარ ბელქანიამ.

მისივე ცნობით, მათთვის მთავარია, რომ ბავშვს, რომელიც ბაღიდან გაწერილი რაციონით მიდის სკოლაში, იქაც მასზე მორგებული სასწავლო გარემო ხვდებოდეს.

ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია პირველკლასელთა მშობელმა ან/და კანონიერმა წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტის მერიის სახელზე უნდა წარადგინოს, საჭიროა სამი დოკუმენტი - მშობლის პირადობის მოწმობა, ბავშვის დაბადების მოწმობა და ცნობა სკოლიდან.

პროგრამით სარგებლობა შეწყდება სასწავლო წლის დასრულების და მოსწავლის სხვა მუნიციპალიტეტის სკოლაში გადასვლის შემდეგ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები