მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თედ ჯონასი: დავის საგანი არა $1.5 მილიარდი, არამედ $476 მილიონი იყო

ჯონასი

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს წევრის, თედ ჯონასის განცხადებით დღეს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა, როდესაც აღნიშნა, რომ ანაკლიის კონსორციუმის სარჩელის მოთხოვნა 1.5 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

ჯონასის თქმით, მთავრობამ ძალიან კარგად იცოდა, რომ მოთხოვნილი კომპენსაცია იყო 476 მილიონი დოლარის მიუღებელ შემოსავალზე, საიდანაც 79 მილიონი დოლარი წარმოადგენდა იმ თანხას, რომელიც კონსორციუმს ხელშეკრულების გაწყვეტის დროს პროექტში უკვე ჰქონდა ინვესტირებული. შესაბამისად, პირველი რიგის მოთხოვნა სწორედ ამ დამტკიცებული ინვესტიციის ანაზღაურებას შეეხებოდა.

აღნიშნულის შესახებ განმარტება გააკეთა იურისტმა ქეთი ქვარცხავამაც, რომელიც საარბიტრაჟო დავაში კონსორციუმის უფლებებს იცავდა. მისი თქმით, მთლიანი მოთხოვნიდან, რაც 476 მილიონი დოლარი იყო, დაახლოებით 80 მილიონი დოლარი დამტკიცებული ინვესტიციების ანაზღაურებას შეეხებოდა.

“ანაკლიის განვითარების კონსორციუმის მოთხოვნა იყო 476 მილიონი დოლარის მიუღებელი შემოსავლის შესახებ. ძალიან სამწუხაროა, როდესაც ხელისუფლებას ციფრთან ასეთი მცდარი წარმოდგენა შეექმნა. ეს ციფრი მოიცავდა დაახლოებით 80 მილიონი დოლარის ინვესტიციას, რომელიც განახორციელა ინვესტორმა, ვიდრე შეწყდებოდა ხელშეკრულება”, - განაცხადა ქეთი ქვარცხავამ.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს წევრის, თედ ჯონასის განმარტებით, საარბიტრაჟო დავის დეტალები წარმოადგენს კონფიდენციალურ ინფორმაციას, თუმცა ისინი უფლებამოსილი არიან გააკეთონ განმარტება იმ შემთხვევაში თუკი მთავრობა დავის შესახებ განგებ არასწორ ინფორმაციას გაავრცელებს და სწორედ ამიტომ მიუთითებენ, რომ დავა 1.5 მილიარდ დოლარს არ შეეხებოდა.

“იურიდიულად, როდესაც ასეთი საქმეებია, მოთხოვნის საგანია მიუღებელი შემოსავალი, რაც ხელშეკრულების გაწყვეტასთან არის დაკავშირებული. თუმცა, მთავრობამ ძალიან კარგად იცის, რომ რომ ამ დავაში რეალური მოთხოვნის საგანი შეეხებოდა დამტკიცებულ ინვესტიციებს, რაც იყო 79 მილიონი დოლარი და რეალურად მოთხოვნა სწორედ ამ დამტკიცებულ ინვესტიციაზე იყო.

სახელმწიფომ იცის ძალიან კარგად რომ დამტკიცებული ინვესტიცია იყო 79 მილიონი დოლარი და მთავრობამ არასწორად წარმოაჩინა ჩვენი სარჩელი. სწორედ იმიტომ რომ მთავრობამ არასწორად წარმოაჩინა ჩვენი სარჩელი და მოიტყუა, ჩვენ უფლებამოსილი ვართ, რომ კონფიდენციალობის მუხლების მიუხედავად, მივუთითოთ რომ მთავრობამ შეცდომაში შემყვანი განცხადება გააკეთა. მთავრობის წარმომადგენლებმა ჩვენ მოლაპარაკებაც შემოგვთავაზეს და მათ იციან ზუსტად ის რიცხვი, რომლის მიღებაც გვქონდა, რაც შეადგენდა 79 მილიონს. სწორედ ეს ფაქტი განიხილებოდა არბიტრაჟის დროს. შესაბამისად, მთავრობამ დღეს იცრუა და მე მაქვს ყველანაირი უფლება, რომ მივუთითო ამ სიცრუეზე”, - განაცხადა თედ ჯონასმა.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა საარბიტრაჟო სარჩელი 2020 წელს შეიტანა. კონსორციუმის განცხადება არბიტრაჟის გადაწყვეტილებაზე იხილეთ სრულად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები