თეძამის წყალსაცავის მშენებლობის დასრულება 4 წელიწადში იგეგმება
BM.GE
29.03.19 20:05
• 1082
პრემიერ–მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს თეძამის წყალსაცავის პროექტის პრეზენტაცია გამართა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, წყალსაცავი წყლით 10 000 მოქალაქეს მოამარაგებს და შესაძლებელი გახდება 7 000 ჰექტარის მოცულობის მიწის მორწყვა, რომელიც დღეს ფაქტობრივად გამოუყენებელია.
"ეს არის მართლაც უნიკალური პროექტი, რომელიც ახალ სიცოცხლეს შემოიტანს შიდა ქართლში და კონკრეტულად, კასპის რაიონში. საქართველოს ბუნებრივ სიმდიდრეებს შორის პირველ ადგილზეა წყალი და წყალთან დაკავშირებული რესურსები. შესაბამისად, წყლის რესურსების გამოყენებას გადამწყვეტი როლი აქვს იმაში, თუ რამდენად წარმატებული იქნება ჩვენი ეროვნული ეკონომიკა", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მთავრობის მეთაურის თქმით, წყალსაცავით კასპის მუნიციპალიტეტის 22 სოფელი და 9 700 მოქალაქე ისარგებლებს. პროექტში 71 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება და 500 ადგილობრივი დასაქმდება.
"განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რომ ასეთი პროექტები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას და ამავე დროს, ჩვენ დაგვეხმარება, რომ მივაღწიოთ საქართველოში ინკლუზიურ ზრდას, ისეთი ტიპის ზრდას, რომელიც შეეხება თითოეულ ქართულ ოჯახს. ჩვენი ეკონომიკის მთავარი პრიორიტეტი გახლავთ, რომ დაძლეულ იქნას ჩვენს წინაშე არსებული ყველაზე მტკივნეული გამოწვევა სიღარიბის სახით. ჩვენი ამოსავალი წერტილი ყოველთვის გახლდათ სოფლად არსებული ეკონომიკური შესაძლებლობების მაქსიმალურად ათვისება, იმისათვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად გადავაქციოთ ქართული სოფელი თანამედროვე სოფლად", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, წყალსაცავის აშენებით იქმნება შესაძლებლობა, რომ სისტემურად და თანამიმდევრულად განხორციელდეს ინფრასტრუქტურული და აგრარული პროექტები, წყალსაცავის მიმდებარე ტერიტორია იქცეს ტურისტულ ზონად, განვითარდეს ტურიზმი.
"და ბოლოს, სწორედ ასეთი მასშტაბური პროექტების განხორციელებით გახდება შესაძლებელი მივაღწიოთ რეგიონების წინსვლას და სოფლების ფეხზე დაყენებას, რაც დარწმუნებული ვარ, საბოლოო ჯამში ნიშნავს ძლიერ ქვეყანას და ძლიერ საქართველოს", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
თეძამის წყალსაცავიდან, სასმელი წყლით 5 სოფელი მომარაგდება, კაშხალზე მოეწყობა ჰიდროელექტროსადგური. წყალსაცავის პროექტი შედგენილია გარემოზე მინიმალური ზემოქმედებით. მშენებლობა მიმდინარე წელს დაიწყება და 47 თვეში დასრულდება.