მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„თეგეტა ჰოლდინგი“ უზბეკეთის ბაზარზე ფართოვდება - რა გეგმები აქვს კომპანიას შუა აზიაში?

ნიკა კოხოძე
25.01.26 22:20
731

„თეგეტა ჰოლდინგის“ ციფრული ტრანსფორმაციის ლიდის, ნიკა კოხოძის თქმით, კომპანიამ უკვე დაიწყო საქმიანობა უზბეკეთში, სადაც ბაზარი მნიშვნელოვანი შესაძლებლობებით გამოირჩევა. განსაკუთრებით ახალგაზრდა მომხმარებელთა და ციფრული გამოცდილებების განვითარების შესაძლებლობებით.

როგორც კოხოძემ „ბიზნესის კვირეულში“ მიმდინარე სტუმრობისას აღნიშნა, უზბეკეთი თავისი ენერგიული და აქტიური ადამიანური რესურსითა და ტექნოლოგიური განვითარების სწრაფი ტემპით არის მიმზიდველი ბაზარი, სადაც კომპანიას აქვს პოტენციალი კონკურენციის და ციფრული ინიციატივების გასაძლიერებლად.

„უზბეკეთში დავიწყეთ, მათ შორის რაღაც მცირე, პატარა დონეზე ოპერაციები, თუმცა ჩემი კონკრეტული მიმართულებით, მათ შორის სისტემების და ციფრული ტრანსფორმაციების მიმართულებით, საკმაოდ მნიშვნელოვანი ბაზარია. განსაკუთრებით ახალგაზრდა ადამიანების მაღალი აქტივობით, რომლებსაც უნდათ საინტერესო ციფრული პროდუქტებისა და გამოცდილებების შექმნა“, - თქვა კოხოძემ.

„თეგეტა ჰოლდინგი“, მისივე სიტყვებით, ბოლოდროინდელი ინიციატივებით ცდილობს ციფრული ხედვის გადატანას ბაზრის არსებული საჭიროებების შესაბამისად და "უზბეკეთის ბაზარზე ოპერაციების განვითარება სწორედ ამ ერთ-ერთ ნაწილს წარმოადგენს“.

აღსანიშნავია, რომ „თეგეტა მოტორსი“ უკვე ოპერირებს უზბეკეთში: კომპანია გახდა ამერიკული საბურავებისა და საცხებ-საპოხი პროდუქციის მწარმოებელი ExxonMobil-ის ოფიციალური წარმომადგენელი, რასაც წინ უძღოდა ბაზარზე ტესტური გაყიდვები და მაღალი მოთხოვნა.

ამის შედეგად „თეგეტა მოტორსმა“ ბაზარზე უკვე წარადგინა Mobil-ის სხვადასხვა პროდუქტი, რაც მოიცავს როგორც მსუბუქ ავტომობილთა, ისე კომერციული და სპეციალური ტექნიკისთვის საჭირო საცხებ-საპოხ პროდუქტებს. კომპანიას უახლოეს პერიოდში აქვს ამ პროდუქტის გამოყენების და ასორტიმენტის გაზრდის გეგმაც.

კოხოძის თქმით, უზბეკეთში საქმიანობა მხოლოდ მცირე მასშტაბით არ არის შემოფარგლული და კომპანია გეგმავს აქტიურ ყოფნას იქ, სადაც ტექნოლოგიური ღირებულება და ინოვაციების მიღების მზაობა მნიშვნელოვნად მაღალია. კოხოძე უზბეკეთში ახალი ბაზრის შესაძლებლობებს, უნარებით და ციფრული პროდუქტებით განვითარების სივრცეს ხედავს, რაც „თეგეტას“ გლობალური ზრდის სტრატეგიულ ნაწილად აქცევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები