მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თეგეტა ჰოლდინგმა“ „გალტ & თაგარტის“ მხარდაჭერით კაპიტალის ბაზარზე მორიგი წარმატებული ემისია განახორციელა

Galt & Taggart
01.07.24 15:04
1857

20-მილიონიანი მულტისავალუტო ემისიის ფარგლებში „თეგეტამ“ „გალტ & თაგარტის“ მხარდაჭერით 8.3 მილიონი აშშ დოლარი წარმატებით განათავსა. აღნიშნული ტრანზაქცია ადგილობრივ ბაზარზე მიმდინარე წელს, დოლარში დენომინირებული პირველი კორპორაციული ემისიაა.

ტრანში ფიქსირებული 8.5% საპროცენტო განაკვეთით განთავსდა. ობლიგაციების სრული ძირის დაფარვა გათვალისწინებულია ორი წლის შემდეგ. კუპონის საპროცენტო განაკვეთი კი ნახევარწლიურად დაიფარება.

მანანა ხინაშვილი, თეგეტა ჰოლდინგის ინვესტორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი: „მოხარულები ვართ, რომ მორიგი ტრანში წარმატებით განხორციელდა. გასული წლის დეკემბერში დამტკიცებული 20 მილიონი ევროს ეკვივალენტი მულტი- სავალუტო პროგრამის ფარგლებში დეკემბერშივე განთავსდა 7 მილიონი ევრო, დღეს კი დამატებით განვათავსეთ 8.3 მილიონი დოლარი. ეს ტრანზაქცია თავის მხრივ ორ ეტაპს მოიცავდა და საწყისი 5 მილიონი აშშ დოლარიდან 8.3 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა. ხაზგასასმელია, რომ ინტერესმა 8.5 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც ინვესტორთა მხრიდან მაღალ ნდობაზე მიუთითებს. ამავე ემისიის პროსპექტის ფარგლებში წლის ბოლომდე კიდევ ერთი ტრანში განხორციელდება.

ვფიქრობთ, ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენი აქტიურობის გათვალისწინებით, ხელს ვუწყობთ ქართული კაპიტალის ბაზრის განვითარებას. პარალელურად, ფასიანი ქაღალდების რეალიზაციით მიღებული ფინანსური რესურსი ჰოლდინგის გაფართოებას ხმარდება, რაც, თავის მხრივ, ქვეყნის ეკონომიკაში კომპანიის მხრიდან უფრო მეტ კონტრიბუციას ნიშნავს“.

მიმდინარე ემისიის ფარგლებში ,,თეგეტა ჰოლდინგს“ 55 ინვესტორი ჰყავს. მათ შორის არიან კერძო კომპანიები, თუმცა უმრავლესობა ფიზიკური პირია, როგორც რეზიდენტები, ისე არარეზიდენტები.

კომპანია ობლიგაციებიდან მოზიდულ სახსრებს სასესხო ვალდებულებების რეფინანსირებისათვის გამოიყენებს.

გარიგების ექსკლუზიური საინვესტიციო ბანკი „გალტ & თაგარტია“, რომლის მხარდაჭერითაც „თეგეტამ“ გასულ, 2023 წელს საქართველოში პირველი ობლიგაციების მულტი-სავალუტო პროგრამა დახურა.

ვანო კიკვილაშვილი, გალტ & თაგარტის კაპიტალის ბაზრების სამსახურის უფროსი: მოხარული ვართ, რომ თეგეტა ჰოლდინგმა, გალტ & თაგარტის მხარდაჭერით, მორიგი ემისია განახორციელა და 2024 წელს გახდა პირველი კომპანია, რომელმაც მულტი-სავალუტო პროგრამის ფარგლებში 8.3 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციები წარმატებით განათავსა. მისასალმებელია, რომ გარიგების ექსკლუზიური პარტნიორი სწორედ გალტ & თაგარტი იყო, რაც ჩვენი პარტნიორების მხრიდან ნდობის მაღალ ხარისხს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს. გალტ & თაგარტი აგრძელებს კაპიტალის ბაზრის განვითარებაზე ორიენტირებული ინიციატივების მხარდაჭერას."

აღსანიშნავია, რომ ჰოლდინგმა „გალტ & თაგარტთან“ პარტნიორობით, საერთო ჯამში, 28.3 მილიონი აშშ დოლარისა და 16 მილიონი ევროს ობლიგაციები წარმატებით განათავსა.

მიმდინარე მდგომარეობით თეგეტას ფასიანი ქაღალდების ბაზარზე განთავსებული აქვს 190 მილიონი ლარის, 28.3 მილიონი აშშ დოლარის და 23 მილიონი ევროს ობლიგაციები.

თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

სს „გალტ & თაგარტის“ შესახებ:

სს „გალტ & თაგარტი“ საქართველოს ბანკის ჰოლდინგური კომპანიის 100% მფლობელობაში არსებული შვილობილია. კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს საინვესტიციო საბანკო და ინვესტიციების მართვის მომსახურების ფართო სპექტრს, საინვესტიციო საბანკო, აქტივების მართვის, საბროკერო, დაგროვილი ქონების მართვისა და კვლევების მიმართულებებით. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.gt.ge

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები