Tegeta Motors 2019 წლის დასაწყიში საქართველოს საფონდო ბირჟაზე ლარით დენომინირებულ ობლიგაციებს გამოუშვებს,- ამის შესახებ bm.ge-სთან კომპანიის ინვესტორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვახტანგ კაჭარავა აცხადებს.
“ჩვენი გრძელვადიანი სტრატეგიის მიხედვით ვფიქრობთ, რომ ძალიან მალე შევთავაზებთ ქართულ ბაზარს ლარში დენომინირებულ ობლიგაციებს. ვფიქრობთ, რომ 3-5 წელიწადში გავიდეთ IPO-ზე, გავაკეთოთ ლისტინგი ლონდონის საფონდო ბირჟაზე. Fitch Ratings არის პირველი ინდიკატორი და პირველი ხელსაწყო, რომელიც დაგვეხმარება ჩვენი კომპანიის უფრო უკეთ გაცნობაში ინვესტორებისთვის. Fitch Ratings ნიშნავს გამჭვირვალობას და საიმედოობას ინვესტორებისა და დაინტერესებული მხარეებისთვის, ასევე ჩვენი მომწოდებლისთვის. ვფიქრობთ, ამ მიმართულებით სხვა კომპანიებმაც რომ იფიქრონ, ძალიან კარგი იქნება.
ჩვენ ამ ეტაპზე ვნერგავთ კორპორატიულ მმართველობას. საერთაშორისო საფინანსო კომპანიასთან ერთად ჩავატარეთ მასტერ კლასი და მივიღეთ რეკომენდაციები. დასრულდება ეს პროცესი 2018 წელს და ვფიქრობთ, რომ 2019 წლის დასაწყისში შევთავაზებთ ქართულ ბაზარს ლარში დენომინირებულ ობლიგაციებს“,- აცხადებს ვახტანგ კაჭარავა.
კითხვაზე, რატომ არ არის ამ დრომდე განვითარებული საქართველოს საფონდო ბირჟა სათანადოდ, ვახტანგ კაჭარავა ამბობს, რომ კომპანიებს არ აქვთ შესაბამისი ინფორმაცია.
„მათ არ აქვთ სათანადო ინფორმაცია, რომ შეუძლიათ ბევრად უფრო ეფექტური გარიგებები გააკეთონ. მათი სასესხო ვალდებულებების დივერსიფიცირება გააკეთონ, შეამცირონ სავალუტო რისკები. შესაბამისად, უფრო მეტი უნდა ჩაიდოს ცნობიერების ამაღლებაში“,- აცხადებს ვახტანგ კაჭარავა.

























