,,თეგეტა მოტორსი“ შსს-ს მიერ გამოცხადებული ტენდერის პირობებს აპროტესტებს. საუბარია 4,4 მილიონი ლარის ღირებულების შესყიდვაზე, რომლითაც უწყებამ 60 ერთეული მაღალი გამავლობის პიკაპი უნდა შეიძინოს. შსს სატენდერო დოკუმენტაციაში ითხოვს, რომ პრეტენდენტი, შემოთავაზებული ავტომანქანის მწარმოებლის ოფიციალური დილერი იყოს, ,,თეგეტა მოტორსში“ კი მიაჩნიათ, რომ ეს მოთხოვნა მათი კომპანიისთვის ხელოვნურად შექმნილი ბარიერია.
„აღნიშნული მოთხოვნის საფუძველზე შპს „თეგეტა მოტორსს“, როგორც კომპანიას, რომელიც არ წარმოადგენს არც ერთი ავტომანქანის მწარმოებლის ოფიციალურ დილერს, თუმცა აქვს ოცდასამწლიანი გამოცდილება და არის ლიდერი საავტომობილო პროდუქტებისა და ავტოტექმომსახურების დარგში, უკანონოდ ეზღუდება უფლება მიიღოს მონაწილეობა გამოცხადებულ ტენდერში.“-აცხადებენ კომპანიაში.
თეგეტაში მიაჩნიათ, რომ ეს მიდგომა ტენდერში კონკურენტულ გარემოს შეამცირებს, რაც შესყიდვის საბიუჯეტო დანახარჯზეც იქონიებს გავლენას. კომპანიისთვის ასევე მიუღებელია ის საკითხი, რომ მიმწოდებელ აუცილებლად უნდა ჰქონდეს ავტორიზებული სერვის ცენტრი.
„მიუხედავად იმისა, რომ შპს „თეგეტა მოტორსი“ არ წარმოადგენს არც ერთი ავტომანქანის მწარმოებლის ოფიციალურ დილერს და არ გააჩნია ავტორიზებული სერვისცენტრები, მას აქვს საქართველოს მასშტაბით 24 სერვისცენტრი, მათ შორის, ქალაქ თბილისში - 9, სადაც მომსახურებას უწევს ყველა ტიპის და ბრენდის ავტომობილს, ათი წელია მოღვაწეობს და ასრულებს ყველა სახის მომსახურებას, რაც დაკავშირებულია დაზიანებული ავტომობილის შეკეთებასთან“-აცხადებენ ,,თეგეტა მოტორსში.
კომპანია შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოს რეაგირებას და სატენდერო მოთხოვნის იმგვარად შეცვლას ითხოვს, რომ არ შეიზღუდოს დილერების მონაწილეობა ტენდერში.