“თეგეტა მოტორსის” გენერალური დირექტორი ავთო წერეთელი ფიქრობს, რომ ქვეყანამ უნდა შეძლოს და ლარის კურსი დოლართან მიმართებით მის ფსიქოლოგიურ ნიშნულს დაუბრუნოს, რომელიც, მისი აზრით 2,60 - 2,70-იანი ნიშნულია.
ბიზნესმენი ფიქრობს, რომ ამ პერიოდისთვის ლარის კურსის ასეთი მერყეობა მოულოდნელია.
“იმისთვის, რომ ეს საკითხი ღრმად შევაფასოთ გვჭირდება მეტი ინფორმაცია, რადგან ლარის კურსის მერყეობა დამოკიდებულია, ძალიან ბევრ სხვადასხვა კომპლექსურ ფაქტორზე. ის, რაც ჩანს, არის მოულოდნელი, რადგან ამ პერიოდში საერთო მოლოდინი იყო, რომ ლარის კურსი უნდა გამყარებულიყო.
ასევე ჩანს, რომ ეროვნული ბანკი საკმაოდ აქტიურად ახორციელებს შესყიდვებს სავალუტო ბაზარზე და ყიდულობს ვალუტას, რაც იწვევს დოლარის გამყარებას. აქაც ჩანს, რომ გარკვეული ძალისხმევაა მიმართული ამ საკითხის რეგულირებისკენ - იმისთვის, რომ ლარი არ გამყარდეს სწრაფად და მეტად, რასაც დადებით ფაქტორებთან ერთად აქვს უარყოფითი ფაქტორებიც. გარკვეული კურსის შენარჩუნება აუცილებელია მაკროეკონომიკური პარამეტრების შესანარჩუნებლად და ესეც გვესმის.
თუმცა, როგორც ჩვენს საქმიანობაზე, ასევე ბიზნესზე და საზოგადოების განწყობაზე კურსის მსგავსი მერყეობა ახდენს ნეგატიურ გავლენას. ჩვენი რეკომენდაციაა მთავრობის მიმართ, რომ იქნებ მეტი სტაბილურობისთვის მიგვეღწია, განსაკუთრებით ამ პერიოდში... და შევძლოთ, ლარი დავაბრუნოთ მეტ-ნაკლებად ფსიქოლოგიურ ნიშნულამდე - ბოლო პერიოდში, რასაც ვხედავდით ეს იყო 2,60 და 2,70, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში აღქმული იყო, როგორც სტაბილური ნიშნული”,- აცხადებს ავთო წერეთელი.

























