ტეილორ სვიფტი 33 წლის ასაკში ყველაზე ახალგაზრდა ქალი მილიარდერია. პოპ-ვარსკვლავის ქონებამ $1 მილიარდს გადააჭარბა. მომღერალმა Eras-ის ტურზე იმდენი ფული გამოიმუშავა, რამდენიც მცირე ქვეყნების ეკონომიკებმა, - ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
Bloomberg-ის ინფორმაციით, სვიფტი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან მომღერალთაგან, ვინც ამ სტატუსს მხოლოდ მისი მუსიკისა და შესრულების საფუძველზე მიაღწია. სვიფტის მთლიანი წმინდა ქონება ახლა $1,1 მილიარდს შეადგენს, რაც Eras-ის ტურის წყალობით მოხდა, რომელმაც, მეორე მხრივ, ხელი შეუწყო აშშ-ს ეკონომიკის გაძლიერებას. წყაროს ცნობით, მიმდინარე წელს მომღერლის 53 კონცერტმა ქვეყნის მშპ-ს $4,3 მილიარდი დოლარი შემატა.
ამასთან, კვლევითი ფირმა QuestionPro-ს ცნობით, Eras-ის ტურის მხოლოდ ჩრდილოეთ ამერიკაში ბილეთების გაყიდვით $2,2 მილიარდის შემოსავალი ჰქონდა. კალიფორნიის დასაქმებისა და ეკონომიკის ცენტრის თანახმად, ამან ჩრდილოეთ ამერიკის ქალაქებში ეკონომიკას მოგება მოუტანა - ლოს ანჯელესში ტეილორ სვიფტის Eras-ის ტურის ბოლო ექვსი ღამე ქალაქს დაახლოებით $320 მილიონს მოუტანდა.
მკვლევრები ამბობენ, რომ მომავალში 33 წლის ტეილორ სვიფტს შემოსავლის გაზრდის დიდი პოტენციალი აქვს.
„ყოველი მხარდაჭერა, პარტნიორობა და საქმიანი ნაბიჯი, რომელსაც ის აკეთებს, უფრო ფართო, ზედმიწევნით შემუშავებული გეგმის ნაწილია, ეს არ არის უბრალოდ შთამბეჭდავი, ის ოსტატურია“, - თქვა სტეისი ჯონსი, მარკეტინგული სააგენტოს Hollywood Branded-ის დამფუძნებელმა.