მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტეილორ სვიფტი საკუთარი ხმისა და გამოსახულების სავაჭრო ნიშნად რეგისტრაციას გეგმავს

ტეილორ სვიფტი

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, ტეილორ სვიფტმა აშშ-ის პატენტებისა და სავაჭრო ნიშნების უწყებაში განაცხადი შეიტანა. მომღერალმა საკუთარი ხმის ორი აუდიოჩანაწერისა და ერთი ფოტოს სავაჭრო ნიშნად რეგისტრაცია მოითხოვა. როგორც ირკვევა, უფლებების მფლობელად მომღერლის კომპანია TAS Rights Management-ი უნდა დასახელდეს.

არსებული ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება მიზნად ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ყალბი შინაარსის პროდუქტების, ე.წ. deepfake-ებისაგან თავის დაცვას ისახავს.

სვიფტის ადვოკატის, ჯოშ გერბენის განმარტებით, აღნიშნული სტრატეგია საავტორო უფლებების კანონმდებლობაში არსებული ხარვეზის აღმოფხვრას ემსახურება. როგორც ცნობილია, აქამდე მუსიკოსები ჩაწერილი ნაწარმოებების საავტორო უფლებებით დაცვას მარტივად ახერხებდნენ, თუმცა ხელოვნური ინტელექტის უნარმა, ხმის იმიტაცია რეალურ ფაილებზე წვდომის გარეშეც მოახერხოს, კანონისთვის გვერდის ავლის შესაძლებლობა გააჩინა.

სვიფტის ადვოკატები იმაზეც ამახვილებენ ყურადღებას, რომ მომღერლის არამარტო ხმა, არამედ გამოსახულებაც ხშირად გამოიყენება ყალბი სარეკლამო კამპანიებისა და პოლიტიკური განცხადებებისთვის. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ტეილორ სვიფტი პირველი მუსიკოსია, რომელიც საკუთარი გამოსახულებისა და ხმის დაცვას მსგავსი რეგისტრაციის გზით ცდის. თუმცა, ხელოვნური ინტელექტის სპეციალისტებს უჭირთ იმის თქმა, რამდენად მოახერხებს მომღერალი საკუთარი უფლებების დაცვას.

ცნობისთვის, მსგავსი სამართლებრივი გზა მსახიობმა მეთიუ მაკკონაჰიმ უკვე გამოიყენა. მისი თქმით, თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში ინტელექტუალური საკუთრების გარშემო მკაფიო საზღვრების დაწესება აუცილებელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები