1983 წლის შემდეგ პირველად, აშშ-ში ვინილის ფირფიტების გაყიდვებიდან მიღებულმა წლიურმა შემოსავალმა 1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.
ამერიკის ხმისჩამწერი ინდუსტრიის ასოციაციის (RIAA) ახალი ანგარიშის თანახმად, 2025 წელს ვინილის შესყიდვებმა 1.04 მილიარდ დოლარს მიაღწია.
2025 წელს ვინილების გაყიდვების რაოდენობამ 46.8 მილიონი ეგზემპლარი შეადგინა, რაც 7.9%-იანი ზრდაა 2024 წლის მაჩვენებელთან (43.4 მლნ) შედარებით. CD დისკების გაყიდვებმა ვინილის მოგების მესამედზე ნაკლები, 312.4 მილიონი დოლარის შემოსავალი მოიტანა, ხოლო სხვა ფიზიკურმა ფორმატებმა, როგორიცაა კასეტები - 25.8 მილიონი დოლარი.
ვინილების ასეთი ბუმი დიდწილად ტეილორ სვიფტის მარკეტინგმა განაპირობა, რომელმაც ეს ფორმატი საკოლექციო ნივთად აქცია. მისი 2025 წლის ალბომი The Life of a Showgirl გასული წლის ყველაზე გაყიდვადი ვინილ-რელიზი გახდა - მხოლოდ ფირფიტის ფორმატში ალბომის 1.6 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა.
სვიფტმა The Life of a Showgirl-ის ჯამში რვა ვინილ-ვერსია გამოუშვა განსხვავებული ყდითა და ფირფიტის ფერით. ზოგიერთ გამოცემას სვიფტისგან დამატებითი მასალები მოჰყვებოდა, მაგალითად, აქამდე უნახავი ფოტოები, ორმხრივი პოსტერი და ასევე სვიფტის მიერ დაწერილი ლექსი. სხვა გამოცემები კი სვიფტის ონლაინ მაღაზიაში მხოლოდ 48-საათის განმავლობაში იყო ხელმისაწვდომი.
ვინილების გარდა, სვიფტის მიერ CD-ს, კასეტებისა და ციფრული ჩამოტვირთვის ფორმატების აქტიურმა გამოყენებამ ხელი შეუწყო იმას, რომ გამოსვლისთანავე The Life of a Showgirl-მა მუსიკალური რეკორდები დაამსხვრია. მომღერალმა ალბომის ჯამში სულ მცირე 30 ვარიანტი გამოუშვა. პირველივე კვირაში აშშ-ში ალბომის 4 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა, რაც ალბომის გამოსვლის პირველ კვირაში დაფიქსირებული ყველა დროის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამ მაჩვენებლიდან 1.3 მილიონი სწორედ ვინილზე მოდიოდა.
გასული წლის ვინილების გაყიდვების სამეულში ასევე მოხვდნენ: საბრინა კარპენტერი, რომელმაც გაყიდა ალბომ Man’s Best Friend-ის 292 000 ეგზემპლარი, და კენდრიკ ლამარი, რომელმაც თავისი გრემის მფლობელი ალბომის, GNX-ის, 272 000 ერთეული გაყიდა. მეოთხე ადგილზე 262 000 გაყიდული ეგზემპლარით ასევე საბრინა კარპენტერის Short n’ Sweet მოხვდა, რომელსაც მოსდევს ბილი აილიში 2024 წლის ალბომით Hit Me Hard and Soft, 192 000 ეგზემპლარით.
ვინილის მყიდველთათვის კვლავ უცვლელად პოპულარულ არჩევნად დარჩა კლასიკური პოპ-ალბომებიც - Fleetwood Mac-ის Rumours და მაიკლ ჯექსონის Thriller აშშ-ში ვინილების გაყიდვების საუკეთესო ათეულში ასევე მოხვდნენ.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ვინილმა აშშ-ის მუსიკალური გაყიდვების 10%-ზე ნაკლები შეადგინა; მისი 1-მილიარდიანი შემოსავალი ძალიან მცირედ გამოიყურება იმ 9.5 მილიარდ დოლართან შედარებით, რაც ინდუსტრიამ სტრიმინგით გამოიმუშავა.




























