მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტეილორ სვიფტმა თავისი სრული მუსიკალური კატალოგი შეისყიდა

ტვ

პოპ ვარსკვლავმა ტეილორ სვიფტმა თავისი პირველი ექვსი ალბომის ორიგინალი ჩანაწერები შეისყიდა, რითაც სრულად აღიდგინა კონტროლი თავის სრულ მუსიკალურ კატალოგზე.

ინფორმაცია ამის შესახებ თავად სვიფტმა გაავრცელა. ექვსივე ალბომის ორიგინალი ჩანაწერი მომღერალმა ალბომების ამჟამინდელი მფლობელი ლეიბლის, Shamrock Capital-ისგან შეისყიდა. სვიფტს გარიგების ფინანსურ ნაწილზე არ უსაუბრია, თუმცა მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ლეიბლი სვიფტის ჩანაწერებს $600 მილიონიდან $1 მილიარდამდე აფასებდა.

საქმე ისაა, რომ ტეილორ სვიფტის ალბომები, რომლებიც მომღერალმა 2005 წლიდან 2017 წლამდე ჩაწერა, მისი მუსიკალური ლეიბლის, Big Machine Records-ის მფლობელობაში იყო. მას შემდეგ, რაც სვიფტის კონტრაქტი Big Machine Records-თან ამოიწურა, მან ახალი გარიგება Republic Records-თან და Universal Music Group-თან გააფორმა, რომლის ფარგლებშიც საკუთარი ჩანაწერების მფლობელი სვიფტი თავად იქნებოდა. 2019 წელს Big Machine Records მედიამენეჯერმა სკუტერ ბრაუნმა შეისყიდა და ტეილორ სვიფტის ექვსივე ალბომი კერძო ფირმა Shamrock Holdings-ს მიჰყიდა. როგორც სვიფტი აცხადებდა, მან ამ გარიგების შესახებ არაფერი იცოდა და თავად აპირებდა საკუთარი ორიგინალი ჩანაწერების გამოსყიდვას.

თავის კატალოგზე კონტროლის დასაბრუნებლად სვიფტმა 2021 წლიდან პირველი ექვსი ალბომის ახალი, "ტეილორის ვერსიების" (Taylor's Version) გამოშვება დაიწყო და ოთხი ახალი ალბომი ჩაწერა. პროექტი უპრეცედენტო აღმოჩნდა სვიფტის კარიერაში და მომღერალს არაერთი რეკორდი მოუტანა, Shamrock Holdings-ის მფლობელობაში არსებული ძველი ჩანაწერები კი გააუფასურა.

35 წლის ტეილორ სვიფტი 14 გრემის ჯილდოს, მათ შორის "წლის ალბომის" ოთხგზის მფლობელია. მის სახელსვე უკავშირდება ყველა დროის ყველაზე შემოსავლიანი საკონცერტო ტურნე The Eras Tour, რამაც მომღერალს $2 მილიარდი მოუტანა და თავისი ძველი ალბომების შესყიდვის შესაძლებლობა მისცა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები