ტეხასში ძლიერი წყალდიდობის შედეგად სულ მცირე 24 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ქრისტიანული საზაფხულო ბანაკიდან 25-მდე გოგონა დაკარგულად მიიჩნევა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, სტიქიამ მნიშვნელოვნად დააზიანა ინფრასტრუქტურა და განსაკუთრებული საფრთხე შეუქმნა კერვილის მახლობლად მდებარე ქრისტიანულ საზაფხულო „ბანაკ მისტიკის", სადაც ათობით გოგონაა დაკარგული. ამ ბანაკში ჯამში 750 ბავშვი იმყოფებოდა.
სტიქიის ეპიცენტრად გვადალუპეს მდინარე იქცა, რომელიც ერთ საათზე ნაკლებ დროში 7.9 მეტრით ადიდა. ადიდებულმა წყლებმა მობილური სახლები, ავტომობილები და დასასვენებელი კოტეჯები წალეკა, სადაც მოქალაქეები 4 ივლისის დასვენების დღეებს ატარებდნენ.
ტეხასის ვიცე-გუბერნატორმა დენ პატრიკმა განაცხადა, რომ „45 წუთში გვადალუპეს მდინარე 26 ფუტით აიწია – ეს იყო დამანგრეველი წყალდიდობა, რომელმაც ქონებასთან ერთად ადამიანებიც შეიწირა.“ პატრიკის თქმით, დაკარგულად ითვლება ყველა ბავშვი, ვისთანაც მშობლებს კავშირი ვერ დაამყარეს, თუმცა ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ისინი უგზო-უკვლოდ არიან დაკარგულნი - შესაძლოა, უბრალოდ კომუნიკაციაა შეწყვეტილი.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მომხდარს "შოკის მომგვრელი" და "საშინელი" უწოდა. თეთრმა სახლმა დაზარალებულთა დასახმარებლად დამატებითი რესურსების გამოყოფა დააანონსა. სამძებრო ოპერაციაში ჩართულია ვერტმფრენები, დრონები და ნავები.
ტეხასის საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ცნობით, ხუთშაბათს მომზადების მიზნით რამდენიმე შეხვედრა გაიმართა, თუმცა ოფიციალურმა პირებმა აღნიშნეს, რომ ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახური ვერ პროგნოზირებდა იმ რაოდენობის ნალექს, რაც რეალურად დაფიქსირდა. მათი შეფასებით, მოსალოდნელი იყო დაახლოებით 20 სმ ნალექი, თუმცა მდგომარეობა სწრაფად გაუარესდა.
ოფიციალური გამოძიება აპირებს გაარკვიოს, რატომ არ განხორციელდა ბანაკების წინასწარი ევაკუაცია და რამდენად მზად იყვნენ ადგილობრივი სტრუქტურები ბუნებრივი კატასტროფისთვის.
ამ ეტაპზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება და მთავრობა მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავონ დაზარალებულ რეგიონებში გადაადგილებისგან.




























