მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"თელასის" წმინდა მოგება 2017 წელს 42%-ით, 22.3 მილიონ ლარამდე შემცირდა

5c3095ce0753e
BM.GE
05.01.19 15:29
1511
სს “თელასი” საქართველოს დედაქალაქის ელექტროენერგიის მთავარი მიმწოდებელია. კომპანიას თბილისში 600,000-ზე მეტი რეგისტრირებული აბონენტი ჰყავს. სს “თელასმა” 2017 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ კომპანიის წმინდა მოგება 2017 წელს 42%-ით, 22.3 მილიონ ლარამდე შემცირდა.

EY-ის მიერ მომზადებული ანგარიშის მიხედვით, სს “თელასმა” 2017 წელს 415 მილიონი ლარის ღირებულების 2.773 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგიის რეალიზაცია მოახდინა. და ტრანზიტის სახით გაატარა დამატებით 4.6 მილიონი ლარის ღირებულების ელ. ენერგია. ჯამში “თელასის” საოპერაციო შემოსავალმა 420 მილიონი ლარი შეადგინა. 

ცალკეული წყაროების მიხედვით, კომპანიის შემოსავლები ასე ნაწილდება:
  • საყოფაცხოვრებო სექტორისთვის ელექტროენერგიის მიწოდება - 154.2 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 2.1%;

  • კომერციული სექტორისთვის ელექტროენერგიის მიწოდება - 238.9 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 9.4%;

  • სახელმწიფო სექტორისთვის ელექტროენერგიის მიწოდება - 22.5 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 1.8%;

  • ელექტროენერგიის ტრანზიტი - 4.6 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 1.7%.

თელასისთვის ყველაზე დიდი ხარჯი სარეალიზაციო ელექტროენერგიის შესყიდვა იყო
რამაც 2017 წელს 310.6 მილიონი ლარი შეადგინა. თანამშრომელთა სახელფასო ხარჯმა 57 მილიონი ლარი, ხოლო გადასახადებმა (მოგების გარდა) კი 68 მილიონი შეადგინა.

სს “თელასის” აქციების საკონტროლო პაკეტს (75.11%) ფლობს ნიდერლანდების სამეფოში რეგისტრირებული კომპანია Silk Road Holdings B.V, რომლის დამფუძნებელიც რუსული ენერგოგიგანტი “ინტერ რაოა”. საქართველოს მთავრობა აქციათა მინორიტარულ პაკეტს - 24.53%-ს ფლობს. ქართულ სახელმწიფოს კომპანიის აქციონერებში სს “საპარტნიორო ფონდი” წარმოადგენს. “თელასის” დარჩენილ 0.36%-ს კერძო პირები ფლობენ.

“თელასი” შედის ინტერ რაო-ს ჯგუფის კომპანიების შემადგენლობაში, რომელსაც რუსეთის მთავრობა აკონტროლებს. ფინანსების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებები მიიღება ინტერ რაო-ს ჯგუფის დონეზე.

ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, კომპანია მის ოპერირებასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან რისკებში მიუთითებს, რომ არსებობს ალბათობა, რომ “სემეკ”-მა “თელასს” დაუდგინოს ისეთი ტარიფი, რომელიც კომპანიის ხარჯებს არ ფარავს.

“დარგობრივ რისკებს შეიძლება მიეკუთვნოს სახელმწიფოს მიერ ტარიფების დაუსაბუთებელი რეგულირება და რისკი, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) მიერ ისეთი ტარიფების შესაძლო დამტკიცებასთან, რომელიც არ ფარავს საზოგადოების ხარჯებს. კომპანიაში ტარდება გეგმაზომიერი მუშაობა სემეკ-თან ამ რისკის წარმოქმნის თავიდან აცილების მიზნით,”- წერია ანგარიშგებაში.

დოკუმენტში ასევე მითითებულია, რომ 2017 წელს, კომპანიამ დაფარა დავალიანება საერთო მმართველობის ქვეშ მყოფი კომპანიების მიმართ 19,415 ლარის ოდენობით, რომელიც ვადაგასული და დაუფარავი იყო 2000 წლიდან.

“თელასის” მთლიანი აქტივების ღირებულება 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 318.8 მილიონ ლარს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები