მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თელავში საგანგებო შტაბი შეიქმნა - რეგიონში მასშტაბურ ზიანს ითვლიან

თელავი

თელავში ძლიერი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ ოპერატიული შტაბი შეიქმნა. შტაბის შემადგენლობაში როგორც საკანონმდებლო, ისე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შედიან.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, შტაბის წევრებმა პირველი სამუშაო შეხვედრა უკვე გამართეს და სამომავლო პრევენციულ გეგმაზე შეჯერდნენ. მათი განცხადებით, სტიქია საკმაოდ მასშტაბურია და ძირითადად განადგურებულია ქალაქის ინფრასტრუქტურა. გარდა ამისა, მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, აუცილებელია გარკვეული ქუჩების მდგომარეობის დეტალური შესწავლა, რის გამოც აღნიშნულ უბნებზე საავტომობილო მოძრაობა ამ ეტაპზე აკრძალულია.

ამ დროისთვის თელავში ნალექი შეწყდა და წყლის დონემ იკლო, თუმცა მოსახლეობა კვლავ ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის გარეშეა დარჩენილი.

ცნობისთვის, თელავში უხვი ნალექის შედეგად თელავის ხევი ადიდდა, კალაპოტი გაარღვია და წყალი ქუჩებში მოვარდა. შედეგად, დატბორილია კავკასიონისა და ალაზნის გამზირის ქუჩების ნაწილი, საცხოვრებელი კორპუსების პირველი სართულები, კომერციული ფართები, აფთიაქები და მაღაზიები. დაზიანებულია ავტომობილები და ელექტროგადამცემი ხაზები.

კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის, პლატონ კალმახელიძის ინფორმაციით, თელავში სტიქიით მიყენებული ზიანი მასშტაბურია. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ძირითადად დაზიანებულია საგზაო ინფრასტრუქტურა, რომლის პირველადი გაწმენდითი სამუშაოები უკვე დაწყებულია.

„სტიქიით მიყენებული ზიანი საკმაოდ მასშტაბურია. რაც მთავარია, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. შესაბამისად, მოსახლეობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტს შეზღუდვით მიეწოდება ბუნებრივი აირი და ელექტროენერგია, რომელიც დღის განმავლობაში თანდათანობით აღდგება.

ძირითადად დაზიანებულია საგზაო ინფრასტრუქტურა, რომლის პირველადი გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო. შეფასდება ადგილზე სტიქიის მიერ მიყენებული ზიანი სრულად და დაიწყება აღდგენითი სამუშაოები. შეკრებილი იყო საკოორდინაციო საბჭო. ყველა სამინისტრო, ყველა უწყება მობილიზებულია იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე აღმოიფხვრას სტიქიით მიყენებული ზიანი თელავის მუნიციპალიტეტში“, – განაცხადა პლატონ კალმახელიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები