თელავში ხელისუფლების და პანკისის ხეობის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა.
პანკისის სათემო რადიოს ინფორმაციით, ჯერჯერობით, უცნობია რა შედეგით დასრულდა შეხვედრა და რაზე მოილაპარაკეს მხარეებმა.
მისივე ცნობით, შეხევდრას შს მინისტრი გიორგი გახარიაც ესწრებოდა.
საქმე იმაშია, რომ დღეს პანკისის ხეობაში კომპანიებმა - „ალაზანი ენერჯი“ და „ფერი“ მცირე ჰესის „ხადორი - 3“-ის სამშენებლო სამუშაოები დაიწყეს, რასაც ხეობის მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა.
შეგახსენებთ, დღის პირველ ნახევარში ადგილზე ჩავიდა შს მინისტრის მოადგილე კახა საბანაძე და ხეობის მოსახლეობას მოლაპარაკება შესთავაზა. ასევე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სამშენებლო სამუშაოების შეჩერების შესახებ.
საბანაძემ მოსახლეობას თელავში მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა შესთავაზა.
„ვინც კანონს დაარღვევს, ყველა დაისჯება. პოლიციელები უკანონო ქმედებას არ ჩაიდენენ. მოგიწოდებთ, შეინარჩუნოთ მშვიდობა; პოლიციელები მოწადინებულები არიან, რომ დაიცვან კანონი. გამოყავით თქვენი წარმომადგენელი, ჩავიდეთ თელავში და მოვილაპარკოთ. ხედავთ, რომ მუშაობა შევაჩერეთ; გეუბნებით, დავჯდეთ და დავილაპარკოთ. ჩვენთვის თქვენი ინტერესი არის მნიშვნელოვანი. ჩვენი ინტერესია, რომ თქვენ იყოთ კმაყოფილი და ასევე, ინვესტორების ინტერესები იყოს დაცული“, - მიმართა მინისტრის მოადგილემ ადგილობრივებს.
პანკისელები კახა საბანაძის შეთავაზებას დათანხმდნენ. 7 ადგილობრივი თელავში მინისტრის მოადგილეს გაჰყვა.
ამ დროისთვის, პანკისის ხეობაში ვითარება დაძაბულია. არიან დაშავებულები.

























