მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Teleperformance-მა Majorel-ი შეიძინა, რამდენი მილიონის შემოსავალი კომპანიის ქართულ შვილობილს

644a472d4fb1e
შოთა ტყეშელაშვილი
03.11.23 18:24
6828

ფრანგულმა გიგანტმა Teleperformance ლუქსემბურგში დაფუძნებული Majorel-ი 2.95 მილიარდ ევროდ შეიძინა. ამ შერწყმის შედეგად, ბიზნეს პროცესების აუთსორს სერვისების (BPO) ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე შეიქმნება.

Majorel-ს გლობალურად 81 ათასი დასაქმებული ჰყავს, მათ შორის საქართველოში დასაქმებულთა რაოდენობა 2.7 ათასს აღემატებოდა (2022). გასულ წელს Majorel-ის გლობალური შემოსავალი 2.08 მილიარდ ევროს შეადგენდა. გაცილებით უფრო დიდი იყო ფრანგული Teleperformance-ის შემოსავალი, რაც 8.6 მილიარდ ევროს შეადგენდა. ამასთან Teleperformance-ი 410 ათას ადამიანს ასაქმებს.

ამ დროისთვის საჯაროა კომპანიის ქართული შვილობილის 2022 წლის ფინანსური ანგარიში.

დოკუმენტის თანახმად პერიოდის განმავლობაში კომპანიის შემოსავალმა 177.9 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 29.5 მილიონი ლარი შეადგინა. წლის განმავლობაში კომპანიამ საქართველოში პერსონალის ანაზღაურებაზე 109 მილიონი ლარი დახარჯა.

“მეიჯერელი გლობალურად შეიქმნა 2019 წლის იანვარში, ბერტელსმანის და საჰამის შერწყმის შედეგად, რაც მიზნად ისახავდა მომხმარებელთა მომსახურების წამყვანი ორგანიზაციის შექმნას. მეიჯერელი აერთიანებს Arvato CRM Solutions, Phone Group, ECCO Outsourcing და Pioneers Outsourcing. ყველა აღნიშნული კომპანია ერთიანი ღირებულებების გარშემო ერთიანდებიან. მეიჯერელი საქართველოში 2016 წელს შემოვიდა Arvato Bertelsmann-ის სახელით, 2019 წლის თებერვალში კი, რებრენდინგის შედეგად, წარმოიქმნა სრულიად ახალი ბრენდი Majorel-ი.

კომპანია, საოპერაციო მიზნების განსახორციელებლად რამდენიმე სახეობის ძირითად რესურსზეა დამოკიდებული. მათგან უმთავრესია ადამიანური კაპიტალი - მომსახურების სპეციფიკიდან გამომდინარე. . მეიჯერელ საქართველოში 2022 წლის თანამშრომელთა საშუალო რაოდენობა, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 29%-ით გაიზარდა და 2,734-ს მიაღწია,”- ნათქვამია კომპანიის 2022 წლის მმართველობით ანგარიშში.

ამჟამად როგორც Teleperformance-ის, ასევე Majorel-ის ძირითადი საქმიანობა ისეთი ინდუსტრიების მომსახურებაა, როგორებიცაა: ავტოინდუსტრია, მოგზაურობა, ტექნოლოგიები, სოციალური მედიის აპლიკაციები, ელექტრონული კომერცია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები