კომპანია "თელეთი სენემ“ ახალი ბრენდით "სენე" რვა დასახელების სულგუნის გამოშვება დაიწყო, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანიის ერთერთმა დამფუძნებელმა ანა მიქაძე-ჩიკვაიძემ განუცხადა.
მისი განმარტებით, საცალო ქსელში "სენეს" ბრენდით სულგუნის ნაირსახეობების შეტანა ამჟამად მიმდინარეობს: გაიყიდება შესანთლული, პიტნიანი, ღვინოში დაძველებული, თაფლში დაძველებული, საკუთარ ქერქში დავარგებული, შებოლილი ყველი, სულგუნის ჩხირები და დაწნული სულგუნი.
„გავაკეთეთ პატარა, 150-200 გრამიანი თავები, რომლებიც დაბრენდილია და სპეციალური შეფუთვით შევთავაზეთ მომხმარებელს, რომელსაც შეუძლია რამდენიმე დასახელების ყველი იყიდოს ერთდროულად და მოიწყოს დეგუსტაცია. კილოგრამის გასაყიდი ფასი საწარმოდან 18 ლარია.
ჩემი ამოცანაა, როგორც ყველის მკვლევარის, რომ მარილმა არ მოკლას სულგუნის გემო, სულგუნი თვითონ ბუნებით ერთდღიანი ყველია და დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს მისი მოხმარება, ჩვენ მინიმუმამდე დავიყვანეთ ყველის მარილით დამუშავება და გამოვიყენეთ დაძველების მეგრული და სვანური მეთოდი, რამაც გაამართლა. ეს მეთოდები გულისხმობს, ყველის თაროებზე, გარკვეულ ტემპერატურულ რეჟიმზე შენახვას, ვაძველებთ ასევე ცვილში, თაფლში დაღვინოში და სხვა”, - განაცხადა ანა მიქაძე-ჩიკვაიძემ.
ყველი თელეთის რძის გადამამაუშავებელ საწარმოში მზადდება, რომელიც ერთი წლის წინ 1,7 მილიონი ლარის ინვესტიციით გაკეთდა, დაფინანსების ნაწილი საწარმომ ,, ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში მიიღო.

























