მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თელიანი ველი“: „საექსპორტო მიმართულებით პრიორიტეტია გერმანია და აშშ“

640efb1f16da2
თათია ჩაფიჩაძე
13.03.23 22:46
843
გასულ კვირას ქართული ღვინის კომპანიების წარმომადგენლები აშშ-ის და იაპონიის გამოფენებზე იმყოფებოდნენ. „Vinexpo New York“-ში 26 ქართული კომპანია იყო, რომლებმაც საკუთარი პროდუქცია ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით წარადგინა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით ბოლო წლებში, სახელმწიფოს მხარდაჭერით განხორციელებულმა ღონისძიებებმა ხელი შეუწყო აშშ-ში ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას, რაც კონკრეტულ შედეგებზე აისახა. ბოლო 8 წელია, ქართული ღვინის ექსპორტი აშშ-ის ბაზარზე სტაბილურად მზარდია: 2022 წელს საქართველოდან ექსპორტირებული იყო ისტორიული მაქსიმუმი, 1 მილიონ ლიტრამდე ღვინო, რაც თითქმის 28%-ით აღემატება 2021 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

ამერიკის გარდა ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი 16 კომპანია იმყოფებოდა იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში, სადაც მიმდინარე კვებისა და სასმელების გამოფენა „Foodex Japan 2023“ -ში იღებდნენ მონაწილეობას. იაპონიაც ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია, სადაც ქართული ღვინის პირველი მასშტაბური წარდგენა 2014 წელს მოხდა.

განხორციელებული აქტივობების შედეგად, იაპონიაში ქართული ღვინის ექსპორტი მზარდია; 2022 წლის მონაცემებით, საქართველოდან იაპონიაში 231 ათასი ლიტრი ღვინის ექსპორტი განხორციელდა, რაც 2021 წლის მაჩვენებელზე 68%-ით მეტია.

გამოფენაზე მონაწილე კომპანიებს შორის იყო „თელიანი ველი,“ რომლის კომერციული დირექტორის ირაკლი ბოკუჩავას თქმით, 2023 წელს კომპანიისთვის მთავარი საექსპორტო ბაზარი გერმანია და აშშ იქნება. როგორც „საქმიანი დილის“ ეთერში სტუმრობისას ბოკუჩავამ აღნიშნა კომპანიის გეგმებშია ექსპორტის ზრდა იაპონიის მიმართულებითაც. რაც შეეხება რეგიონს და რუსეთის ბაზარს კომპანიაში აცხადებენ, რომ მთლიან გაყიდვებში მისი წილის 20%-ზე ნაკლებია.

„გამოფენებში მონაწილეობას დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენს სფეროში, ღვინოა პროდუქტი რომელიც უნდა დააგემოვნონ და ამის შემდეგ ხდება საქმიანი ურთიერთობის დაჭერა.როგორც ნიუ იორკში, ისე ტოკიოში მივიღეთ მონაწილეობა, იაპონია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო რადგან 2 წლიანი პაუზა იყო რეგულაციების გამო და მოწყურებული იყო მომხმარებელი ამ სახის გამოფენას. დიდი ინტერესია, ზრდაც არის. 5 წელია ვმუშაობთ იაპონიის ბაზარზე, დავიწყეთ ქვევრის ღვინით და წელს პირველად გავაგზავნეთ უფრო დაბალ ფასიანი, სხვა კატეგორიის ღვინო, სუპერმარკეტის მომხმარებლებისთვის იმისთვის რომ უფრო ფართოდ გაიშალოს. თავიდან იყო მხოლოდ ღვინის მაღაზიებისთვის და რესტორნებისთვის და სულ რამდენიმე კვირის წინ უკვე სუპერმარკეტებისთვის. როგორც წესი ზემოდან იწყება ხოლმე, ჯერ ქვეყნის გაცნობისთვის მნიშვნელოვანია რომ უნიკალური ტექნოლოგია გავაცნოთ, საქართველო წარვადგინოთ და მერე ხდება ფართოდ გაშლა, სხვა ღვინოა ამისთვის საჭირო და ახლა ამ პროცესში ვართ იაპონიასთან მიმართებით. იაპონიაში კონსერვატიული მომხმარებელია და რაღაც დრო ალბათ 2-3 წელი დაგვჭირდება რომ კარგად გავიდგათ ფეხი.

მნიშვნელოვანია მომგებიანი და სტაბილური ბაზრები, ჩავარდნები რაც რეგიონს ახასიათებს ასეთი შემთხვევები რომ არ იყოს. ჩვენ ასეთად მივიჩნევთ გერმანიას, სადაც შარშანწინ გავხსენით კომპანია, შარშან კონტრაქტები გავაფორმეთ ადგილობრივ სუპერმარკეტებთან და სექტემბერში კონკრეტულ ქსელებში უკვე შევიტანეთ. ფაქტობრივად ახალი პროდუქტი შევქმენით, დიდ იმედებს ვამყარებთ რომ ბევრს გავიტანთ რადგან უკვე პროდუქტი მოხვდა თაროზე.

ჩვენი მიდგომა ასეთი იყო, რომ ვმუშაობდით გერმანულ საკონსულტაციო კომპანიასთან, რომელმაც იმუშავა კონცეფციაზე, მათ იციან ბაზარი და მომხმარებელი, ღვინის სექტორი და ჩვენ ჩავთვალეთ რომ მათი მხარდაჭერით უფრო შევქმნიდით სწორ კონცეფციას, იაფი ნამდვილად არ არის და დროს მოითხოვს, 1 წელიწადამდე დაგჭირდა ამისთვის. ამის შემდეგი ნაბიჯი იყო გემოვნური თვისებები, რომ ის შეარჩიო რაც ადგილობრივებთან ახლოს არის.“ - განაცხადა ბოკუჩავამ.

ექსპორტთან ერთად მნიშვნელოვანია ადგილობრივი ბაზარიც, კომპანიაში აცხადებენ, რომ 2022 წელს გაყიდვების მაჩვენებელმა 2019 წელს გადააჭარბა და მზარდი ტენდენცია ნარჩუნდება 2023-ის პირველ კვარტალშიც.

„საქართველოში კოვიდის შემდეგ საკმაოდ მზარდია მოხმარება, შარშანაც გადავაჭარბეთ 2019 წლის მონაცემებს, წლევანდელი პირველი კვარტალიც კარგი იყო. საქართველოს ბაზარი ყალიბდება მნიშვნელოვან ბაზრად და ჩვენთვის მნიშვნელოვანია რომ აქ კარგად ვიყოთ წარმოდგენილები, აქაურ ბაზარზე ლიდერობაც გვეხმარება სხვა ქვეყანაში ექსპორტსა და ცნობადობის ზრდაში. ქართველი მომხმარებელი ყიდულობს უმეტესად 15-20 ლარის ფარგლებში ღვინოს, თუმცა არის პრემიუმიც.

ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ ლოკალურ ბაზარზე მაგრამ საექსპორტო მიმართულებით პრიორიტეტია გერმანია, აშშ. ვფიქრობთ რომ მეტი პროდუქცია მივაწოდოთ და ამ მიმართულებითაც აქტიურად ვართ ჩართულები. წელს ვფიქრობ ამ ორ ბაზარზე გარდამტეხი შედეგები გვექნება წელს. უკრაინაში დავბრუნდით პაუზის მერე, თუმცა რაოდენობა ის არ არის რაც იყო ომამდე, ჩვენთვის 30% იყო და ახლა ნაკლებია. რაც შეეხება რუსეთს აქ გაყიდვების 20%-ზე ნაკლები მოდის, რუსეთი არ არის ჩვენთვის სტრატეგიული მნიშვნელობის,“ - თქვა ბოკუჩავამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები