პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადებით, საჯარო სკოლების რეაბილიტაციის ტემპი დასაჩქარებელია. ამის შესახებ მან ჟურნალისტის კითხვაზე პასუხისას განაცხადა, რომელიც ათობით სკოლაში გაჭიანურებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ეხებოდა, რის გამო მოსწავლეებს შორ მანძილზე უწევთ სხვა სკოლის შენობებში სასწავლებლად სიარული.
"არის არაერთი პრობლემური შემთხვევა, როდესაც საკმაოდ დიდი ხანია მოსწავლეებს უწევთ სხვა სკოლებში სიარული. ტემპები არის დასაჩქარებელი. არის გორში, თბილისში, დასავლეთ საქართველოში სხვადასხვა შემთხვევა...
მაქსიმალურად დავაჩქარებთ ამ სამუშაოებს, იმისთვის რომ ბავშვებმა სახლთან ახლოს, საკუთარ სკოლებში იარონ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
აღსანიშნავია, რომ წელს, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, რამდენ ბავშვს მოუწევს სწავლის სხვა სკოლის შენობაში გაგრძელება, უცნობია. განათლების სამინისტრო დეპუტატ ანა ნაცვლიშვილისთვის კითხვაზე პასუხად წერს, რომ ზუსტი რიცხვი სასწავლო წლის დაწყების შემდეგ გახდება ცნობილი.
რაც შეეხება სკოლებს, რომლებიც სასწავლო წელს თავის შენობაში ვერ დაიწყებს, სამინისტროს ინფორმაციით, გამოდის, რომ ასეთი 174-მდე სკოლაა.
"მიმდინარე ინფრასტრუქტურული ღონისძიებების შედეგად, ახალ სასწავლო წელს, დროებით ალტერნატიულ ფართში გადასულ მოსწავლეთა რაოდენობა და ტრანსპორტით მოსარგებლეთა რაოდენობა დაზუსტდება 2024-2025 სასწავლო წლის დაწყებისათვის.
დღეის (3 სექტემბრის) მდგომარეობით, 214 საჯარო სკოლაში მიმდინარეობს მშენებლობა-სრული რეაბილიტაციის სამუშაოები. ამასთან აღსანიშნავია, რომ ეტაპობრივად დასრულდება 40-მდე საჯარო სკოლაში სასწავლო წლის დაწყებამდე აღნიშნული პროცესები. ამდენად მიმდინარე ინფრასტრუქტურული ღონისძიებების შედეგად, ახალ სასწავლო წელს, დროებით
ალტერნატიულ ფართში გადასულ მოსწავლეთა რაოდენობა და ტრანსპორტით მოსარგებლეთა
რაოდენობა დაზუსტდება 2024-2025 სასწავლო წლის დაწყებისათვის",- აცხადებენ განათლების სამინისტროში.