ე.წ. "თემქის ხევში" სარეკრეაციო ზონის მოსაწყობასთან დაკავშირებულ კვლევას კომპანია "გამა კონსალტინგი" ჩაატარებს, სამუშაოს შესრულებაში კი 72 ათას ლარს მიიღებს.
"გამა კონსალტინგმა" მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, ყველაზე დაბალი ფასი შესთავაზა შემსყიდველს. სატენდერო პირობების მიხედვით, კომპანიამ ხევში გეოლოგიური და ჰიდროლოგიური კვლევები უნდა ჩაატაროს, შეაფასოს რამდენად მიზანშეწონილია ამ ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონების მოწყობა. კომპანიას ასევე ევალება ნიადაგის, წყლისა და ჰაერის ნიმუშების კვლევა, მწვანე საფარის აღწერა და ა.შ. ე.წ. "თემქის ხევი" ფართობი 25 ჰექტრამდეა და სწორედ ამ კვლევების შედეგად უნდა გამოვლინდეს ის ადგილები, რომლებიც სკვერების მოსაწყობად იქნება ვარგისი. კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 თვეში უნდა დაასრულოს.

























