მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თემურ ალექსანდრიამ "ნიკორა ტრეიდის" აღმასრულებელი დირექტორის პოსტი დატოვა

თემურ ალექსანდრია

"ნიკორა ტრეიდის" აღმასრულებელმა დირექტორმა თემურ ალექსანდრიამ თანამდებობა დატოვა - ამის შესახებ ის სოციალურ ქსელ LinkedIn-ის პირად გვერდზე წერს.

თემურ ალექსანდრიამ კომპანიაში ჯამში 11 წელი იმუშავა - 2015–2022 წლებში ის მთავარი ფინანსური დირექტორის, ხოლო ბოლო 4.5 წლის განმავლობაში გენერალური დირექტორის პოზიციას იკავებდა.

როგორც ის აღნიშნავს, ამ პერიოდში "ნიკორა ტრეიდმა" მასშტაბური ტრანსფორმაცია განიცადა და მისი ძირითადი ფინანსური თუ საოპერაციო მაჩვენებლები მკვეთრად გაიზარდა. ალექსანდრიას LinkedIn-ის "პოსტის" თანახმად:

  • "ნიკორა ტრეიდის" წლიური ბრუნვა ₾182 მილიონიდან ₾1.6 მილიარდამდე გაიზარდა, ხოლო მაღაზიების რაოდენობა - 201-დან 695-მდე. კომპანიაში დასაქმებულთა რიცხვმა კი 10,000-ს გადააჭარბა;
  • 300-ზე მეტი ახალი ობიექტის გახსნის პარალელურად, ციფრული ტრანსფორმაციის ფარგლებში, ყველა ბიზნესფუნქციაში დაინერგა მართვის გლობალური სისტემა - SAP S/4HANA;
  • მოხდა ორი ძირითადი ქსელის - "ნიკორასა" და "ლიბრეს" პარალელური განვითარება მკაფიო კონცეფციებით; ასევე კომპანიამ დაიწყო ახალი მიმართულებები (ხილ-ბოსტნეული, ყავის საკუთარი წარმოება "Jambo");
  • კომპანია გარდაიქმნა სააქციო საზოგადოებად, განახორციელა ობლიგაციების რამდენიმე ემისია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების (IFI) მონაწილეობით, მოიპოვა საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგი, ხოლო ბოლო ემისიით 44,000 კვ.მ. ფართობის ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობის დაფინანსება დაიწყო.

"მადლობა აქციონერებს ნდობისთვის, პარტნიორებსა და ინვესტორებს ერთად გავლილი გზისთვის! მაგრამ რითაც ყველაზე მეტად ვამაყობ, არც ერთ ციფრში არ ჩანს - ეს არის გუნდი, რომელმაც ეს ყველაფერი გააკეთა, და ანგარიშვალდებულების კულტურა, რომელიც ერთად ჩამოვაყალიბეთ. ეს ჩემი პროფესიული ცხოვრების უდიდესი ნაწილია და ბევრი რამ ვისწავლე თქვენგან. მადლობა თითოეულს - ეს თქვენი ნამუშევარია", - წერს თემურ ალექსანდრია.

ცნობისთვის, "ნიკორა ტრეიდში" გადასვლამდე თემურ ალექსანდრია 7 წლის განმავლობაში საბანკო სექტორში, კორპორაციული დაკრედიტების მიმართულებით საქმიანობდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები