მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თემურ ჭყონია: „ეკონომიკური ზრდით ილუზიაში ვართ“

63eb7a8221a55
თელარა გელანტია
14.02.23 16:44
5603
"ეკონომიკური ზრდით ილუზიაში ვართ და მოგვწონს ეს სიტუაცია“ - ამის შესახებ ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ BMGTV-ის გადაცემა #წერტილში განაცხადა. ბიზნესმენის აზრით, საქართველოს ეკონომიკა რუსეთ-უკრაინის ომის ხარჯზე იზრდება.

„საქართველოში ეკონომიკის ორნიშნა ზრდის პროცესი ემთხვევა რუსეთ-უკრაინის საშინელ ომის... როდესაც ორ ქვეყანას შორის ომია, მესამე ქვეყანა რომელიც ტერიტორიულად ახლოს მდებარეობს, შეიძლება გამოყენებული იქნას არა მხოლოდ სანქცირებული ტვირთის გატარების ადგილად, არამედ შეიძლება, ჩვეულებრივ ეკონომიკაში მონაწილეობდეს; აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ეკონომიკა ომის ხარჯზე იზრდება“, - ასე უპასუხა თემურ ჭყონიამ წამყვანის კითხვას - ძირითადად, რის ხარჯზე გაიზარდა საქართველოს ეკონომიკა 2022 წელს 10.1%-ით.

„მოგეხსენებათ, მიგრანტების რიცხვი გაიზარდა... ასევე, ზოგიერთი ჩვენი თანამოქალაქე გაექცა კონფლიქტს და სხვა ქვეყნებიდან რიცხავენ ფულს. ამ ყველაფერმა ერთად საქართველოს ეკონომიკის წინსვლას შეუწყო ხელი“, - დასძინა ბიზნესმენმა.

ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვას - ამ ფაქტორების გათვალისწინებით, რამდენად მდგრადია ეკონომიკური ზრდა - თემურ ჭყონიამ ასეთი პასუხი გასცა: „ეს ზრდა მდგრადი არ შეიძლება იყოს, რადაგან არ შეიძლება ომი დიდხანს გაგრძელდეს. ჩემი აზრით, ომის შემდეგ, ინვესტიციების მთელი ნაკადი, ძირითადად, წავა უკრაინაში; მილიარდობით თანხა სჭირდება უკრაინის აღდგენას - კომპანიების მხარდაჭერის გარდა, ამ ქვეყანას ექნება საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მხარდაჭერა და ეს გამართლებულიც არის“, - თქვა მან.

ბიზნესმენის აზრით, იმისთვის, რომ საქართველოს ეკონომიკამ მაღალი ტემპით ზრდა გააგრძელოს, მნიშვნელოვანია სახელმწიფო ბიუროკრატიამ ეფექტიანად იმუშაოს. „გადაწყვეტილებების მიღების ტემპი უფრო სწრაფი უნდა იყოს, რადგან ეს განსაზღვრავს ეკონომიკის სწრაფ ზრდას“, - აღნიშნა თემურ ჭყონიამ და სასამართლო სისტემის რეფორმირების მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები