მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თემურ ჭყონია McDonald’s-ის ბანერებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

646773582f158
ვიქტორია მღებრიშვილი
19.05.23 17:21
8990
„მაკდონალდს საქართველოს“ პრეზიდენტი თემურ ჭყონია, თბილისში კომპანიის მიერ ბილბორდებზე განთავსებული ბანერების შესახებ, რომელიც სოციალურ ქსელში ფოტოების სახით დღეს გავრცელდა, განმარტებას აკეთებს. ბიზნესმენი ამბობს, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობას სრულად თვითონ იღებს.

საქმე ის არის, რომ ბანერზე ეწერა შემდეგი ტექსტი - „დღეს საქართველოში 235 000-ზე მეტი ბავშვიანი ოჯახი სიღარიბეში ცხოვრობს“.

„მაკდონალდს საქართველოს“ პრეზიდენტი თემურ ჭყონია BM.GE-სთან განმარტავს, რომ კომპანია გლობალური McDonald’s-ის მსგავსად პირველი ივნისისთვის ქვეყანაში UNICEF-თან ერთად საქველმოქმედო კამპანიას გეგმავდა, რომელიც მომხდარიდან გამომდინარე ვერ განხორციელდება. ბიზნესმენი ამბობს, რომ ეს ფაქტი არასასიამოვნო იყო და კომპანიამ ბილბორდები სწრაფად ჩამოხსნა.

„ეს, ჩემი აზრით არაფრისმთქმელი მესიჯი იყო. ეს მესიჯი ბილბორდზე აბსოლუტურად განსხვავებული იყო იმ პროგრამისგან. რაც UNICEF-თან ერთად უნდა გაგვეკეთებინა და რასაც გლობალური მაკდონალდსი პირველი ივნისის დღესთან დაკავშირებით აკეთებს. არ გამოვიდა სწორი, ცუდი ბილბორდია, რადგან აზრი არ აქვს. შეცდომა იყო. ამიტომ ჩამოვხსენით ეს ბილბორდები. მაგრამ ის საქველმოქმედო პროგრამა, რომელიც ჩვენ პირველი ივნისისთვის გვქონდა დაახლოებით 100 000 ლარამდე დევნილების სამინისტროსთვის ბავშვების დასახმარებლად გადაგვეცა. ამ პროგრამას ალბათ ვეღარ განვახორციელებთ, რადგან ემოციურად ძალიან იმოქმედა ჩემზე. რადგან არ მიყვარს არასწორი თემების გაკეთება, მერე ბილბორდი და თემის არასწორად გაგება, რომელიც შემოქმედებითად და საქველმოქმედოდ ძალიან საინტერესო იყო... რამდენ ადამიანს ეწყინა ეს საკითხი დაუმსახურებლად... ჩვენი მიდგომა აბსოლუტურად განსხვავდება იმ თემისგან და ჩემი ცხოვრების სტილისგან, რაც ამ ბილბორდზე წერია. ამიტომ რაც შეიძლება სწრაფად ჩამოვხსენით.

ვცდილობ, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა მოვიწვიო მარკეტინგის სამსახურში და არის მომენტები, როდესაც ან ჩქარობენ... მე არ მინდა, ვინმეს დავაბრალო ეს ყველაფერი; აბსოლუტურად ჩემს თავზე ვიღებ პასუხისმგებლობას, რადგან მე უფრო მომეთხოვება, ვიდრე - მათ, მაგრამ მოხდა ასე, რომ ის ინფორმაცია, რომელიც უნდა გაეკეთებინათ, არასწორად გააკეთეს და სამწუხაროდ, ბილბორდზე მოხვდა. თორემ ძალიან ბევრი შეცდომა ხდება, რომელიც არ ჩანს. ჩვენ ჩვენი შეცდომა ეგრევე გამოვაჩინეთ, მთელ საზოგადოებას ვუთხარით, რამაც ჩემზე ძალიან იმოქმედა. მით უმეტეს, რომ არიან ადამიანები, რომლებიც ამ თემაზე მუშაობენ და ცოტა დისკომფორტი მაქვს.

ცუდი მესიჯი ყოველთვის არასასიამოვნოა, მით უმეტეს ჩემთვის, ემოციურად ძალიან განვიცდი“, - განაცხადა ბიზნესმენმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები