საქართველოში ბუნებრივი გაზის ლიბერალიზაციისთვის კანონმდებლობის დანერგვა 2021 წლიდან იგეგმება.
როგორც BM.GE-ს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის სტრატეგიული დაგეგმვისა და პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თემურ გოჩიტაშვილმა განუცხადა, ბაზრის ლიბერალიზაცია კომპლექსური პროცესია და მრავალ კომპონენტს მოიცავს, მთავარი კი ის არის, რომ ბაზარზე თანაბარი უფლებებით დაშვების საშუალება ნებისმიერ მომწოდებელს ექნება.
„რა სარგებლობა ექნება მომხმარებელს და ქვეყანას? - ქვეყნისთვის ეს ბაზრის დივერსიფიკაციის ძირითადი საშუალებაა, რის საფუძველზეც ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოება გაიზრდება. რაც შეეხება მომხმარებელს, დერეგულირებულ სექტორში, ფასების დარეგულირება კონკურენციის საფუძველზე მოხდება. გარდამავალ ეტაპზე, არარეგულირებად სექტორში შესაძლოა, ფასები გაიზარდოს კიდეც, სანამ ახალი მომწოდებლები შემოვლენ ბაზარზე, მაგრამ საბოლოოდ ფასს კონკურენცია განსაზღვრავს“, - განმარტა გოჩიტაშვილმა.
მისივე თქმით, ბაზარზე მესამე მხარის დაშვება იმაზე მიუთითებს, რომ შესაძლოა, გაზსადენები და მილსადენები კონკრეტულ კომპანიას ეკუთვნოდეს, მაგრამ მას უფლება არ ექნება, ვინმეს მიწოდება შეუზღუდოს.
„თუ ჩვენ მესამე მხარის დაშვება ვუზრუნველყავით და გამოითქვა სურვილი გაზის მიწოდებისა, თითოეულ მომხმარებელს, მათ შორის, საყოფაცხოვრებო და კომერციულს, უფლება აქვს თვითონ შეარჩიოს, ვისგან უნდა მიიღოს გაზი და გაზსადენის მფლობელი, იქნება ეს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, თუ დისტრიბუციის სექტორის მფლობელი „სოკარი“, ან „ყაზტრანსგაზი“, ვალდებულია ყოველგვარი დიფერენციაციის გარეშე გაატაროს ნებისმიერი მომწოდებლის გაზი“, - განმარტა თემურ გოჩიტაშვილმა.
ბუნებრივი გაზის თავისუფალ ბაზარზე მოცულობების ყიდვა-გაყიდვა, ბირჟის ფორმატში უნდა მოხდეს. ეს სქემა ჯერ დამუშავების ეტაპზეა.

























