მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თემურ გოგოხიამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობაზე კანდიდატურა მოხსნა - შერჩევის პროცედურა თავიდან გამოცხადდა

თემურ გოგოხია

იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევის პროცედურას თავიდან იწყებს, რადგან თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თემურ გოგოხიამ კანდიდატურა მოხსნა.

არადა გოგოხია 12 ოქტომბერს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ შერჩევის ბოლო ეტაპზე გადაიყვანა. ის ამ ეტაპზე გადასული ერთადერთი კანდიდატი იყო, თუმცა 13 ოქტომბერს საბჭოს განცხადებით მიმართა და კონკურსში მონაწილეობაზე უარი თქვა.

"თემურ გოგოხიამ 2026 წლის 13 ოქტომბერს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წარმოადგინა განცხადება, რომლითაც უარი განაცხადა პროცედურაში კანდიდატის სტატუსით მონაწილეობის გაგრძელებაზე, შესაბამისად, მიმდინარე პროცედურა დასრულდა უშედეგოდ ვინაიდან, საბჭოს მიერ შერჩეულმა კანდიდატმა უარი განაცხადა შემდგომ ეტაპზე მონაწილეობაზე.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 34​1 მუხლის მე-17 პუნქტის თანახმად, თუ საბჭომ საქართველოს პარლამენტს კანდიდატი ვერ წარუდგინა ან კანონით დადგენილი ყველა სათანადო პროცედურის ამოწურვის შედეგად უზენაესი სასამართლოს მოსამართლის შესაბამისი ვაკანსია ვერ შეივსო, 1 თვის ვადაში სათანადო კანდიდატის შერჩევის პროცედურა ხელახლა იწყება.

აღნიშნულის გათვალისწინებით, „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 34​1 მუხლის პირველი, მე-3 და მე-17 პუნქტების შესაბამისად: დაიწყოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის 1 ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატის შერჩევის პროცედურა", - აღნიშნულია საბჭოს განკარგულებაში.

უზენაეს სასამართლოში მოსამართლის თანამდებობა გიორგი გოგიაშვილის გარდაცვალების შემდეგ გახდა ვაკანტური.

თემურ გოგოხია გასული წლის ოქტომბრიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის თავმჯდომარეა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები