სახელმწიფო შესყიდვების ჩატარების სისტემაში ცვლილება შევიდა. კერძოდ, ტენდერის გამოცხადება ვაჭრობის დაფარული მონაცემებით, ელექტრონული ვაჭრობის დამატებითი რაუნდების გარეშე მოხდება.
ახალი მეთოდი ორდინალური ტენდერებისგან იმით განსხვავდება, რომ მასში ელექტრონული ვაჭრობა მიმდინარეობს მხოლოდ ძირითად დროში, რომლის განმავლობაშიც პრეტენდენტს მხოლოდ ერთხელ აქვს უფლება, შეამციროს მის მიერ წარდგენილი სატენდერო წინადადების ფასი არანაკლებ ერთი ბიჯის ოდენობით.
ელექტრონული ვაჭრობის ძირითად დროში სისტემა უზრუნველყოფს პრეტენდენტების რაოდენობის, მათი ვინაობისა და სატენდერო წინადადებების ანონიმურობას.
ტენდერის შეწყვეტის შემთხვევაში პრეტენდენტთა რაოდენობა, სხვა პრეტენდენტების ვინაობა და მათი სატენდერო წინადადებები, რომლებიც ჯერ კიდევ არ გახსნილა, საჯარო აღარ გახდება და დარჩება დაფარული.
გადასახადების გადამხდელთა კავშირის თავმჯდომარე გიგლა მიქაუტაძე ამბობს, რომ ცვლილება მანიპულაციების რისკს შეამცირებს, თუმცა ეს სახელმწიფოს ნაკლები ეკონომიკიის საშუალებას დაუტოვებს.
"ვაჭრობა იყო იმის საშუალება, რომ კომპანიებს მინიმალურ ფასად შეესრულებინათ სამუშაო. არგუმენტი შესყიდვების სააგენტოსი არის ის, რომ პირველივე ცდაზე დაბალი ფასით წარსდგეს კომპანია, მაგრამ ვიცით პრაქტიკიდან, რომ კომპანიები ყოველთვის იტოვებენ პატარა შანსებს და მათ შესაძლოა კიდევ ჰქონდეთ ფასის შემცირების საშუალება.
ვფიქრობ, რომ რაუნდები უნდა შენარჩუნებულიყო. ვერ ვიზიარებს ბოლომდე იმ არგუმენტს, რომ დაბალი ფასები ხელოვნურია და კომპანიები ამიტომ ვერ ასრულებენ ვალდებულებებს. პირველივე რაუნდშიც შესაძლოა დაბალი ფასით შევიდეს და ვერ შეასრულოს ვალდებულება. მე პირადად ვთვლი, რომ რაუნდების სისტემა უნდა დარჩენილიყო", - აცხადებს მიქაუტაძე "ბიზნესკონტაქტთან" საუბრისას.
რაც შეეხება ფასს, მიქაუტაძის განცხადებით, დაბალი ფასი ყოველთვის დაბალ ხარისხსს არ ნიშნავს და ხშირად კომპანიები გამოცდილების დაგროვების მიზნით შედიან ტენდერში დაბალი მარჟით.
"ზოგიერთი შემსყიდველი კომპანია ყურადღებას აქცევს გამოცდილებას, რომლის დაგროვებაც ტენდერებში მონაწილეობის მიღებითაც არის შესაძლებელი.
სწორია ის რომ შემსყიდველს უფლება ჰქონდეს აირჩიოს რომელი ვაჭრობის გზით წავა, ორ რაუნდიანით თუ ჩვეულებრივი ვაჭრობის გზით.
რაც შეეხება მონაცემების დაფარვას, თუ ის ტენდერის დასრულების შემდეგ გაიხსნება, ამაში კატასტროფას ვერ ვხედავ, რადგან ვაჭრობის მომენტში კონკურენტის ინფორმაცია არაა საინტერესო. თუმცა ხელშეკრულების დადების შემდეგ ან მანამდე უნდა არსებობდეს კონკურენტების მხრიდან გასაჩივრების საშუალება. სანამ კომპანია გამარჯვებულად გამოცხადდება კონკურენტებს უნდა ჰქონდეთ საშუალება მისი წინადადების გაცნობის, რადგან მათ შესაძლოა იქ რაიმე დარღვევა აღმოაჩინონ. ურთიერთკონტროლი თითქმის გამოირიცხება", - ამბობს მიქაუტაძე.

























