ტენდერი ჩავარდა - შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ხმაურის საზომი აპარატების ყიდვას კიდევ ერთხელ შეეცდება.
შესყიდვების სააგენტოზე გამოქვეყნებული ტენდერის მიხედვით, უწყებას კვლავ უძრავ მდგომარეობაში მყოფი სატრანსპორტო საშუალების მიერ წარმოქმნილი ხმაურის დონის საზომი პორტატული სისტემების 15 კომპლექტის შესყიდვა სურს, რომელშიც კვლავ 360'750 ლარს გადაიხდის.
დაინტერესებულ კომპანიებს ინტერესთა გამოხატვა 17-დან 20 აპრილამდე შეეძლებათ.
ტექნიკური დავალების მიხედვით, შესასყიდი მოწყობილობები განკუთვნილია ავტომობილების ხმაურის დონის შესამოწმებლად საერთაშორისო სტანდარტის (ISO 5130:2019) შესაბამისად. თითოეული კომპლექტი რამდენიმე ძირითადი კომპონენტისგან შედგება:
- ხმის დონის მზომი მოწყობილობა: რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს Class 1 ინსტრუმენტის მოთხოვნებს;
- ძრავის ბრუნების ანალიზატორი: OBD II კონექტორით, რომელიც რეალურ დროში გადასცემს ინფორმაციას ბრუნთა რიცხვის შესახებ;
- მართვის მობილური მოწყობილობა: სპეციალური აპლიკაციით, რომელსაც უნდა ჰქონდეს ქართულენოვანი ინტერფეისი და გაზომვების ავტომატური მართვის ფუნქცია;
- თერმული პრინტერი: შედეგების ადგილზე ამოსაბეჭდად;
- სპეციალური „კეისი“: რომელშიც სისტემის ყველა კომპონენტი იქნება განთავსებული და რომელიც აღჭურვილი იქნება ავტონომიური კვების წყაროთი (მინიმუმ 12-საათიანი მუშაობის რესურსით).
სატენდერო პირობების თანახმად, გაზომვის პროცესი რამდენიმე ეტაპს მოიცავს. მობილურმა აპლიკაციამ ავტომატურად უნდა დააფიქსირა გარემოს ხმაურის დონე, შემდეგ კი ავტომობილის ძრავის ბრუნების საჭირო დიაპაზონში მოხვედრისას, დაიწყოს ხმაურის გაზომვა.
ვალიდური შედეგისთვის საჭიროა მინიმუმ სამი თანმიმდევრული გაზომვა, რომელთა შორის სხვაობა 2 დეციბელს არ აღემატება. აპლიკაციამ თავადვე უნდა გამოითვალოს საბოლოო შედეგი და გასცეს „ვერდიქტი“ შეესაბამება თუ არა ავტომობილის ხმაური დადგენილ ნორმას.
წინა ტენდერი უარყოფითი შედეგით დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ ერთ კომპანიას, შპს კომუნიკომს ინტერესი გამოხატული ჰქონდა და 15 აპარატს 360 750 ლარად სთავაზობდა.
სააგენტო წერს, რომ კომპანია დისკვალიფიცირებულია ტექნიკური დოკუმენტის გამო.
შეგახსენებთ, რომ 2026 წლის 1 იანვრიდან ქვეყანაში ავტომობილების ხმაურზე ახალი რეგულაციები ამოქმედდა. მთავრობის დადგენილებით, დასახლებულ პუნქტებში ღამის საათებში (23:00-დან 08:00-მდე) ხმაურის მაქსიმალური ზღვარი 80 დეციბალით განისაზღვრა. რაც შეეხება დღის საათებსა და მაგისტრალებს, აქ ნორმები ტექინსპექტირების რეგლამენტით დადგენილ სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდეს. კანონის აღსრულებაზე შინაგან საქმეთა სამინისტროა პასუხისმგებელი, რომელიც მძღოლებს სპეციალური პორტატული აპარატებით ამოწმებს. წესები არ ვრცელდება მხოლოდ სპეციალური სტატუსის მქონე სპორტულ ავტომობილებზე, როცა ისინი წინასწარ შეთანხმებულ ლოკაციებზე გადაადგილდებიან.




























