მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტენდერი, რომლის გამოც ნინო ზამბახიძემ საკუთარი მეურნეობის გაყიდვა გადაწყვიტა

5c46c7ece1cfd
თამუნა დემეტრაშვილი
22.01.19 11:36
2344
Bm.ge-ის ინფორმაციით, ნინო ზამბახიძის გადაწყვეტილება, გაყიდოს საკუთარი მეურნეობა, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ტენდერს უკავშირდება.
ტენდერით უწყებამ ყველი უნდა შეიძინოს.

დოკუმენტაციის მიხედვით, სააგენტოს შესასყიდი ყველის (1 კგ) საწყის ფასად 11 ლარი აქვს მითითებული. კონსოლიდირებულ ტენდერში, ორ კომპანიას აქვს მონაწილეობა მიღებული - შპს ,,ალპურსა“ და ნინო ზამბახიძის კომპანია ,,ჯორჯიან ბიზნეს ზონ“-ს.

მიუხედავად იმისა, რომ ზამბახიძის კომპანიას შემსყიდველითვის უკეთესი ფასი -კილოგრამზე 9 ლარი და 47 თეთრი აქვს შეთავაზებული, მას დისკვალიფიკაცია მისცეს.
რაც შეეხება კონკურენტ კომპანიას, ის სააგენტოს ყველის მიწოდებას 1 თეთრით უფრო ძვირად სთავაზობს. ამ დროისთვის ტენდერი შერჩევა/შეფასების ეტაპზეა და თუკი კომპანია ,,ალპურის“ დოკუმენტაცია წესრიგში იქნა, გამარჯვებულად ის დასახელდება.

რა მიზეზით მოხდა ,, ჯორჯიან ბიზნეს ზონ“-ის დისკვალიფიკაცია?

Bm.ge სატენდერო კომისიის იმ გადაწყვეტილებას გაეცნო, სადაც დისკვალიფიკაციის მიზეზებია განმარტებული.

კომისია განმარტავს, რომ კომპანიის მიერ წარდგენილი ტექნიკური აღწერილობა, არ შეესაბამება სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებს.

,,ყველი დაფასოებული უნდა იყოს შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად 1-6 კგ მდე (+-15 გრ). ხოლო პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ ტექნიკური აღწერილობაში მითითებულია, რომ ყველი დაფასოებული იქნება 1,5-5კგ-მდე; ამასთან, არ არის მინიშნებული რომ დაფასოება განხორციელდება შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად. გარდა აღნიშნულისა, პრეტენდენტს არ აქვს მითითებული, რომ მიწოდებული საქონლის დარჩენილი ვარგისიანობის ვადა იქნება საერთო ვადის არანაკლებ 90%, მაგრამ არანაკლებ 10 დღე, რაც გათვალისიწნებული იყო სატენდერო დოკუმენტაციით“, - ნათქვამია გადაწყვეტილებაში.

კომპანიის მფლობელი ნინო ზამბახიძე, ამ ეტაპზე დამატებით კომენტარს არ აკეთებს. მისი განცხადებით, ის იურისტებთან კონსულტაციებს გადის.

რაც შეეხება, ,,ჯორჯიან ბიზნეს ზონ“-ის კონკურენტს - შპს ,,ალპურს“, ის 2015 წელს ბორჯომში დაფუძნებული კომპანიაა. სადამფუძნებლო დოკუმენტების მიხედვით, კომპანიის 30% - შპს ,,მადლს“, 30% - რამაზ გოგოლაძეს, 20%-20% კი, ამაიაკ უნანიანსა და ნიკოლოზ აკოფიანს ეკუთვნით.

საწარმო სახელმწიფო პროგრამა "აწარმოე საქართველოს" ფარგლებში დაარსდა და ფუნქციონირება 2017 წლის გაზაფხულზე დაიწყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები